აბაშიძე სამსონ ივანეს ძე (ფსევდ. „თერგდალეული“, „ჯვარელი“, „ზემო იმერელი“) (1835, სოფ. თირი, ახლანდ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა, – 1894, ზესტაფონი), პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. დაამთავრა ქუთ. გიმნაზია. მსახურობდა რუს. იმპერატორის ალექსანდრე II-ის სამხ. ამალაში („კონვოიში“). იყო პეტერბ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის თავისუფალი მსმენელი. იქვე დაუახლოვდა მომავალ „თერგდალეულებს“. ქართვ. „სამოციანელთა“ შეხედულებების დასაცავად „ცისკარში“ „თერგდალეულის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი წერილი „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ“ (1862, Nº 2). მისი კრიტ.-პუბლიც. და სატირული თხზულებანი იბეჭდებოდა „ცისკარში“, „დროებაში“, „მწყემსსა“ და „საქართველოს მოამბეში“. მნიშვნელოვანია ა-ის თხზულება „ჩემი აღსარება“, რ-ის მხოლოდ ერთი თავი დაიბეჭდა „ცისკარში“ 1863 „ჯვარელის“ ფსევდონიმით. ეს არის 60-იანი წლების ახ. თაობის დეკლარაცია, რ-იც ასახავს მმართველ სისტემასთან და მის ინ-ტებთან ახ. თაობის დამოკიდებულებას. ავტორი მიჯნას ავლებს ძვ. და ახ. ეპოქას შორის, აღნიშნავს მეცნ. და ტექ. მიღწევათა მნიშვნელობას, საზ. შრომას მიიჩნევს მომავალი ყოფის საფუძვლად და ქვაკუთხედად. თარგმნა გ. ლესინგის „ნათან ბრძენი“, ნ. გოგოლის თხზულებანი.
თხზ.: ნაწერები, ს. ხუციშვილის რედ., წინასიტყვაობით და შენიშვნებით, თბ., 1957.
ს. ხუციშვილი