აბანო, ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა. ცხელი წყლის გარდა ზოგ ა-ში იყენებენ ცხელ ჰაერს (თურქული, ფინური ა.) ან ორთქლს (რუსული ა.). ზოგიერთ თანამედროვე ა-ში არის საცურაო აუზი, ფიზიოთერაპიული პროცედურების ოთახი, სადეზინფექციო კამერები. ა-ს ცხელი, ტენიანი ჰაერი და მაღალი ტემპ-რა, ტანის დაბანა და დაზელა ორგანიზმში ფიზიოლ. ცვლილებებს იწვევს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კანის ფუნქციას.
ძვ. ეგვიპტესა და შუამდინარეთში ა. საცხოვრ. შენობის ნაწილი ყოფილა. ძვ. რომში თავდაპირველად პრიმიტიული ა-ები ჰქონიათ, შემდეგ თერმები გავრცელებულა. საქართველოში ძველთაგანვე სცოდნიათ, უმთავრესად მცირეაზიური (მ. შ. ქართული), რომაული და აღმოსავლური (სპარს.-თურქ.) ა-ები. გვიანდ. ანტ. ხანის ა-ები აღმოჩენილია არმაზისხევში (იხ. არმაზისხევის აბანო), ბაგინეთში, ძალისში, ბიჭვინთაში, შუხუთში, გეგუთში, ციხისძირსა და ურბნისში. ფეოდ. ხანის ა-ები ან მათი ნანგრევები შემონახულია დმანისის ციხეში, ქვემო ჭალაში (კასპის მუნიციპ.), ახალციხეში, თელავში, გრემში, ალავერდში, სამშვილდეში, ხერთვისში, გორში, თბილისში. სხვადასხვა ტემპ-რის და ქიმ. შედგენილობის მინერ. წყლის ა-ებს საქართველოში ძველთაგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. ბუნებრივ ცხელ წყალს აგრილებდნენ, ცივს კი ათბობდნენ სპეც. დახურულ შენობაში ან გარეთ მოწყობილ ღია აუზებში; სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ იყენებდნენ ე. წ. „აბანო-სასუნებელს“; საგანგებო მილით შეისუნთქავდნენ ცხელი მინერ. წყალის ორთქლს. იმთავითვე ცნობილი ყოფილა ნაქალაქევის, წყალტუბოს, უწერის, ოცხის, ცაიშის, ზეკარის, ნუნისის, ციხისჯვრის, დვალიშვილებისა და სხვა ცხელი, თბილი და ცივი მინერ. წყლის ა-ები. სამკურნალო თვისებებით გამოირჩეოდა ოცხის ა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ოძრხის „სამხრით არს მთის კალთას წყაროდ გამომდინარე, ფრიად დიდი და ცხელი, მდუღარის მგზავსი, რომელსა უწოდებენ ოცხეს. მას ზედა არს შენი აბანო, და ბანაობენ მრავალნი, რამეთუ ჰკურნებს ქარით დახუთვილსა ძლიერსა, მუწუკსა და ბუგრსა, ძნიად საკურნებელსა მკურნალთაგან“ („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“). მთელ ახლო აღმოსავლეთში განთქმული იყო თბილ. ცხელი მინერ. წყლის ა-ები. ამ წყლის აღმოჩენას ლეგენდა ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში (თბილისში – რედ.) არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტ. ცნობებით XIII ს. თბილისში მინერ. წყლის 65 ა. ყოფილა. თბილისის ა-ებზე ცნობებს გვაწვდიან XIII–XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVII ს. რუსი ვაჭარი ვასილი გაგარა. იმავე ა-ებს აღწერს ვახუშტი ბაგრატიონი. XVII–XIX სს. თბილისში იყო ე. წ. გრილი, ორბელიანის, ერეკლეს, მეითარის, ბებუთას და სხვათა ა-ები. ა-ს ძვ. თბილისში მარტო სამკურნ. და ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონდა, აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს. ამჟამად ძვ. სამკურნ. ა-ების ბაზაზე ბალნეოლ. კურორტებია.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხაჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1937; შარდენი ჟ.,მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მ. მგალობლიშვილის გამოც., თბ., 1975.
ლიტ.: გრიშაშვილი ი., ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963; მცხეთა I, თბ., 1955.
ი. ციციშვილი
ნ. რეხვიაშვილი