აბას I, შაჰ-აბას დიდად წოდებული (27. I. 1571 – 19. I. 1629), ირანის შაჰი (1587 – 1629) სეფიანთა დინასტიისა, შაჰ მუჰამად ხუდაბანდას ძე.
ა. I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდ. ომებისაგან დასუსტებული ირანი ოსმალეთთან ომში (1578–90) დამარცხდა. 1590 შაჰი იძულებული გახდა ოსმალეთთან დაედო არახელსაყრელი ზავი. ა. I ენერგიულად შეუდგა ცენტრ. ხელისუფლების განმტკიცებას: ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწ. და სამხ. სარბიელზე დაუპირისპირა ირან. სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები (ე. წ. „ახალი არისტოკრატია“). მაგ., ისპაანის ტარუღა 1618-იდან 1722-მდე ყოველთვის ქართველი იყო. ქართველებს ხშირად ნიშნავდნენ ირან. პროვინციების მმართველებად – ბეგლარბეგებად, ყულარაღასის თანამდებობაც ყოველთვის ქართველებს ეჭირათ. ქართველები დაწინაურდნენ კულტ. სარბიელზეც (მხატვარი სიაუშბეგ გურჯი, „სამეცნიეროს“ ავტორი პოეტი იასე). ა. I-მა ჩაატარა სამხ. რეფორმა, შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტ. პარკი თოფხანე. ღულამთა გვარდია ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა. სამხ. რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა – ძმებმა, ანტონ და რობერტ შერლებმა. ირანის ცენტრ. რ-ნის აღორძინების მიზნით ა. I-მა მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605) და ქართვ. და შირვანელი სოფლის მეურნენი (1616, 1618), რ-ებიც ირანში მევენახეობა-მეღვინეობას და აბრეშუმის დამზადებას ჰკიდებდნენ ხელს. არის ცნობა, რომ XVII ს. 20-იან წლებში ირანიდან ევრ. ბაზარზე გაჰქონდათ ღვინო „შირაზულის“ სახელწოდებით; ა. I ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობის, საქალაქო ცხოვრების განვითარებას; ატარებდა დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას, რ-შიც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართვ. საკითხს. სამხ. კავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად მას აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტ. სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. ირან. ჯარმა ა. I-ის სარდლობით სამჯერ (1614, 1616, 1617) დალაშქრა და ააოხრა ქართლ-კახეთი (იხ. აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში), 1625 კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (იხ. მარაბდის ბრძოლა 1625, სააკაძე გიორგი). ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 (იხ. მარტყოფის ბრძოლა 1625) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ ა. I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. ა. I ნიჭიერი, ენერგიული, ამავე დროს დაუნდობელი, ცბიერი და ვერაგი პიროვნება იყო. 1620 მან დაასაჭურისებინა თეიმურაზ I-ის ვაჟები – ლევანი და ალექსანდრე, 1622 მოაკვლევინა ლუარსაბ II, ხოლო 1624 წ. 22 სექტ. მისი ბრძანებით საზარლად აწამეს კახეთის დედოფალი ქეთევანი. სხვა მრავალთა შორის მისი ცოლები იყვნენ ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და ლელა, კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის და ელენე, ქართლის მსხვილი ფეოდალის ანდუყაფარ ამილახორის და თამარი, ქართლის მეფის სიმონ I-ის და ფაჰრიმ ჯან ბეგუმი. ა. I-მა ქართული იცოდა და იყენებდა საქართვ. ელჩებთან დიპლ. მოლაპარაკებების დროს.
წყარო: ისქანდერ-ბეგ თორქმანი [ისქადერ მუნში], თარიხ-ე ალამ არაი-ე აბბასი (ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა), [წგ.] 1-2, თეირანი, 1956–57.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII საუკუნეთა მიჯნაზე, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI–XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მისივე, ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; ფალსაფი ნ., ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), [წგ.] 1– 4, თეირანი, 1956–62.
დ. კაციტაძე