დავით სოსლანი, (გ. დაახლ. 1205), სახელმწიფო მოღვაწე, თამარ მეფის მეორე ქმარი. თამარმა იქორწინა მასზე 1187 (სხვა მოსაზრებით 1189) დიდუბის სასახლეში.
წყაროს ცნობით, დ. ს. იყო თამარის მამიდის, რუსუდანის, „გაზრდილი" და „თვისი" („თვისი" ერთი თვალსაზრისით, აღნიშნავს ნათესავს, სხვა მოსაზრებით – ქვეშევრდომს, ვასალს. ასევე „გაზრდილს" ჰქონდა ორი მნიშვნელობა: გაზრდილისა და ვასალის). მემატიანე ახასიათებს, როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. დ. ს. სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში [ლაშქრობა XII ს. 90-იანი წწ. დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში, კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში (1195), ბასიანის ბრძოლაში ( 1203)].
როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა. მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართ. სამეცნ. ლიტ-რაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დ. ს. იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის (ტომით ალანის) ვაჟის დემეტრესაგან (იხ. დემეტრე უფლისწული ).
ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რ-იც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა ოსთა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დ. ს. მისი შთამომავალი იყო. მას ბაგრატიონად მიიჩნევს „ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეც".
ზოგი მკვლევრის მოსაზრებით, დ. ს. ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არა ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება.
წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; გიორგი კედრენე, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963.
ლიტ.: ლ ო ლ ა შ ვ ი ლ ი ი., დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოება, თბ., 1971; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.2).
ნ. შოშიაშვილი