გიორგი VI მ ც ი რ ე, საქართველოს მეფე 1308–18, დავით VIII-ის ძე.
ამ პერიოდში, მონღოლთა გამთიშველი პოლიტიკის წყალობით, საქართველოში დამკვიდრდა მრავალმეფობა: 1298 მონღოლებმა დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ გაამეფეს მისი უმცროსი ძმა ვახტანგ III, ხოლო შემდეგ – მისი მეორე ძმა გიორგი V.
ვახტანგის გარდაცვალების (1308) შემდეგ მონღოლებმა გაამეფეს გ. VI მცირე, გიორგი V კი მეურვედ დაუნიშნეს. დავით VIII-ის გარდაცვალების (1310) შემდეგ საქართველოში გაჩნდნენ აგრეთვე პროვინციის მეფეები – მელქისედეკი, ანდრონიკე და დიმიტრი. დას. საქართველოში კონსტანტინე მეფობდა. ასეთ ვითარებაში გ. VI-ის ხელისუფლების განმტკიცების მიზნით 1314 მონღოლებმა იგი ხელმეორედ დასვეს ტახტზე. როგორც ჩანს, 1318-მდე იგი ერთპიროვნული მმართველია.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.
ლიტ.: კ ი კ ნ ა ძ ე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989; კ ლ დ ი ა შ ვ ი ლ ი დ., XIV ს. დამდეგის საქართველოს ისტორიიდან, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, №1; ო დ ი შ ე ლ ი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964.
ჯ. ოდიშელი