აბაშის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე. ა. მ-ს ჩრდ-ით ესაზღვრება მარტვილის, აღმ-ით – ხონისა და სამტრედიის, სამხრ-ით – სამტრედიისა და ლანჩხუთის, დას-ით – სენაკის მუნიციპ-ები. ფართ. 322,5 კმ ², მოსახლ. 22,3 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. აბაშა. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 35 სოფელი, 4 სათავო სოფელი (ონტოფო, სეფიეთი, ძველი აბაშა, წყემი). 11 თემი: გეზათის, ზანათის (ცენტრი – გაღმა ზანათი), კეთილარის, მარნის, ნაესაკაოს, ნორიოს, პირველი მაისის, სამიქაოს, სუჯუნის, ტყვირის, ქოლობნის.
ისტორიული ცნობა. ახლანდ. ა-ის მუნიციპალიტეტის ტერიტ. შუა საუკუნეებში თავდაპირველად შედიოდა მოხირისში, შემდეგ – სამოქალაქოში. XV ს. 70-იან წლებში მისი დიდი ნაწილი უშუალოდ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შევიდა, ის ნაწილი კი, რ-იც მდ-ების ნოღელისა და რიონის მარცხ. ნაპირზე მდებარეობს, საჭილაოს ეკუთვნოდა. გვიანდ. შუა საუკუნეებში ახლანდ. ა. მ-ის ტერიტ. ეკლესიურად ჭყონდიდის საეპისკოპო ეპარქიას ეკუთვნოდა. 1913-იდან საჭილაოს სადავო (სამეგრელოსა და იმერეთს შორის) სოფლები სამეგრელოს სამთავროში შევიდა, რუს. მმართველობის დამყარების (1857) შემდეგ (ახლანდ. ა. მ-ის ტერიტ.) კი – სენაკის მაზრაში. 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად. 1963–64 გაუქმებული ა. მ-ის ტერიტ. შედიოდა გეგეჭკორის რ-ში (ახლანდ. მარტვილის მუნიციპ.). 1965-იდან კვლავ გამოიყო ახლანდ. საზღვრებით.
ბუნება. ა. მ-ს უკავია კოლხეთის დაბლობის ცენტრ. ნაწილი (ოდიშის დაბლობი), რ-იც აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით). ტერიტ. დახრილია ჩრდ.-აღმ-იდან სამხრ.-დას-კენ. მუნიციპ-ის უმაღლესი ადგილი სოფ. მაიდნის (ზ. დ. 70 მ) მიდამოებშია. მდ-ების ცხენისწყლისა და ნოღელის კალაპოტში მოიპოვება მაღალი ხარისხის სამშენებლო ქვიშა და ხრეში, სოფ. ძიგურისა და ნაესაკაოს მიდამოებში – სააგურე თიხა. მუნიციპ-ში გამოვლენილია სასმელი არტეზიული წყლები (აბაშა, ეწერი, ზანათი, კეთილარი, ნორიო, ონტოფო, სუჯუნა, ტყვირი).
ჰავა ზღვიური, ნოტიო სუბტროპიკულია. საშ. წლ. ტემპ-რა 14°C, იანვ. 4,9°C, ივლ. 22,9°C; აბსოლ. მინ. –19°C, აბსოლ. მაქს. 39°C. ნალექები 1620 მმ წელიწადში. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. იცის მუსონური ხასიათის ქარები, ხშირია ფიონები და ბრიზები.
ჰიდროგრ. ქსელი ხშირია. მუნიციპ-ის სამხრ. ნაწილში აღმ-იდან დას-კენ 42,4 კმ-ზე მიედინება მდ. რიონი, რ-იც აჩენს მეანდრებსა და ნარიონალებს. აბაშისა და სამტრედიის მუნიციპ-ების საზღვარზე მიედინება მდ. ცხენისწყალი, ჩრდ.-დას. ნაწილში – მდ. აბაშა. მცირე მდ-ებია: ზანა, კოვზა, ნოღელა. მდ-ები შერეული საზრდოობისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში. მუნიციპ-ის სამხრ.-დას. ნაწილში სირიაჩქონის ჭაობია, რ-იც გურია-სამეგრელოს რიონისპირა ჭაობის გაგრძელებაა.
ძირითადად გავრცელებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგი. ჩრდ.-დას. ნაწილში – სუბტროპ. ეწერი, სამხრ.-დას-ით, მდ. რიონის მარცხ. სანაპიროზე, ჭაობიანი ნიადაგია.
მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა. ტყე და ბუჩქნარი ცოტაა. ხის ჯიშთაგან უმთავრესად გვხვდება მურყანი, შემაღლებულ ადგილებში – ჭალის მუხა და წიფელი, გავრცელებულია თელაც. უხვადაა ლეშამბო, ტყეში არის თხილი, თუთა, პანტა, მაჟალო და სხვ. ტყეების დაცულ ტერიტორიებში შედის წყემის ნაკრძალი (147 ჰა) და კაცობურის აღკვეთილი (296 ჰა).
გავრცელებულია ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, იშვიათად – წავი. ბევრია ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია. ჭაობიან ადგილებში აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავლადაა მწყერი, ყვავი, ჩხიკვი, გუგული; გველხოკერა, ზოლებიანი ხვლიკი, ანკარა, გომბეშო, ტბის ბაყაყი; მდ-ებში არის ქაშაპი, კოლხური ტობი, კოლხური ციმორი.
ძირითადი ლანდშაფტები: 1. ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპ. ეწერი ნიადაგებით; 2. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით (ლაფნარ-მურყნარით) და ალუვიური ნიადაგებით.
მოსახლეობის უმეტესობა ქართველები არიან, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 50 მ-მდეა. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 69,3 კაცი 1 კმ²-ზე (2014).
მეურნეობა. ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფ. მეურნეობა. სას.-სამ. სავარგულებს უჭირავს დაახლ. 20,1 ათ. ჰა, აქედან 12,4 ათ. ჰა სახნავ-სათესი მიწებია. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მესიმინდეობა, მებოსტნეობა, მეჩაიეობა, ეთერზეთოვანი კულტურების მოყვანა და მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები (უმთავრესად სიმინდი), მრავალწლოვანი კულტურებიდან – ძირითადად თხილი. მევენახეობა ადგილ. მნიშვნელობისაა. ვაზი გაშენებულია სეფიეთის, სამიქაო-მაიდნისა და წყემის მიდამოებში. მეცხოველეობა სარძეო-სახორცე მიმართულებისაა. განვითარებულია მეღორეობა, მეთევზეობა და მეაბრეშუმეობა.
მრეწვ. სუსტადაა განვითარებული. ფუნქციონირებს მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. მუნიციპ-ის ტერიტორიაზე გადის სამხრ. კავკ. რკინიგზის მაგისტრალი, რ-საც პარალელურად მიჰყვება საავტ. გზა.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ა. მ-ში არის საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სს „ევექსის კლინიკები“.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. აღსანიშნავია კადარის ერთნავიანი ეკლესია (არაუგვიანეს XIV ს.), სეფიეთის სამნავიანი ბაზილიკა (ადრინდ. შუა საუკუნეები, გადაკეთებულია XVI–XVIII სს-ში), ტყვირის მაცხოვრისა (XV–XVI სს.) და სუჯუნის წმ. გიორგის (XVIII ს.) გუმბათიანი და გულეიკარის (გვიანდ. შუა საუკ.) ეკლესიები.
ლ. პერტენავა
თ. ბერაძე