აბესაძე კაპიტონ მელქისედეკის ძე (25. XI. 1900, სოფ. მუხურა, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 12. VII. 1987, ქუთაისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1974).
1920 დაამთავრა ქუთ. გიმნაზია. 1921–26 მონაწილეობდა ქუთ. რკინიგზის კლუბის დრამ. წრის სპექტაკლებში. 1928-იდან იყო ქუთ.-ბათუმის თეატრის მსახიობი (ახლანდ. თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. დრამ. თეატრი). სხვადასხვა წლებში იყო თელავის, ქუთ., ხაშურის, თბილ. მუსიკალური კომედიისა და სხვა თეატრების, 1938-იდან სიცოცხლის ბოლომდე კი – ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. ცნობილი იყო როგორც კომედიური როლების შემსრულებელი. გამოირჩეოდა თვითმყოფადობით, უშუალობითა და სიწრფელით, დახვეწილი იუმორით. ა-ის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: მანუჩარი, ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, „ყვარყვარე თუთაბერი“), მოსე მწერალი (შ. დადიანი, „ნინოშვილის გურია“, ე. ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით), კირკიტა (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), ბესო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბენ-აკიბა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), შვაჩი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ხარიტონ აბზიანიძე (გ. ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ“) და სხვ. მონაწილეობს ფილმებში: „კარდაკარ“ (ბესარიონი, რეჟ. ო. აბესაძე, 1960), „მე ვხედავ მზეს“ (ზოსიმე, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (აფრასიონი, რეჟ. დ. რონდელი, 1967), „მყუდრო სავანე“ (გედეონი, რეჟ. ღლონტი, 1971) და სხვ.
შ. ცუცქირიძე