ამბროლაურის სახალხო თეატრი, დრამატული ჯგუფი, რომელიც 1946 ჩამოყალიბდა ქ. ამბროლაურში.
1959 გ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით დაიდგა ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“. სპექტაკლის წარმატებამ დრამატულ ჯგუფს სახალხო თეატრის წოდება მოუპოვა. 1959–72 თეატრს ხელმძღანელობდნენ რეჟისორები: ლ. ტურძელაძე, კ. ლაშხი, ბ. ნემსიწვერიძე, გ. პატარიძე, გ. ჯაფარიძე, გ. სხირტლაძე. ამჟამად თეატრის რეჟისორები არიან გ. ისიანი, თ. ცხვედიანი.
წარმოდგენები იმართებოდა, როგორც ადგილობრივ სცენაზე, ასევე დედაქალაქსა და მეზობელ რაიონებში. აღსანიშნავია შემდეგი სპექტაკლები: ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, ა. გეწაძის „სისხლის ცრემლები“, ფ. შილერის „ყაჩაღები“, ლ. თაბუკაშვილის „ჭრილობა“, გ. ბერიშვილის „მეხდაცემული კაკალი“, ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ადამიანი იბადება ერთხელ“; ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“, დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, გ. ბათიაშვილის „ვალი“, ა. გეწაძის „სიყვარულის ხაფანგი“, გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“, კ. თაბუკაშვილის „შენსკენ სავალი გზები“, ლ. სანიკიძის „იქმენინ საქართველო“, ნ. დუმბაძის „კუკარაჩა“ და სხვ.
2018-იდან ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორის, თ. დაუშვილის ხელმძღვანელობით ა. ს. თ-მა რამდენიმე წლის შეფერხების შემდეგ მუშაობა განაახლა. დაიდგა სპექტაკლები: დ. ტურაშვილის „მწვანე ჰორიზონტი“ (რეჟ. ლ. ფოფხაძე); გ. ბათიაშვილის „სტუმარი“ (რეჟ. გ. ისიანი); ა. გეწაძის „სისხლის ცრემლები“ (რეჟ. მ. ცერცვაძე); თ. ჯუჯენოღლუს „ზვავი“ (რეჟ. გ. ისიანი).
ა. ს. თ-ის ბაზაზე 2015-იდან ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი (რეჟ. გ. ისიანი) დადგმული სპექტაკლები: ვ. ორლოვის „ოქროს წიწილა“, ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის „ბატის ჭუკი“, შ. პეროს „წითელქუდა“, აგრეთვე „მელაკუდას თავგადასავალი“ და „ნაცარქექია“.
თეატრთან აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლე-ახალგაზრდობა. მათი მონაწილეობით განხორციელებული წარმოდგენებია: ა. ლინდგრენის „პეპი გრძელი წინდა“, მოლიერის „ძალად ექიმი“, გ. ერისთავის „ძუნწი“ და სხვ.
დაარსების დღიდან ა. ს. თ. აქტიურად მონაწილეობს სახალხო თეატრების ფესტივალებში. მიღებული აქვს პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები; ლიტვაში გამართულ სახალხო თეატრების ფესტივალზე გადაეცა გრანპრი (1987). თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვა შემოქმედებით გაერთიანებებთან. 2019 ოზურგეთის, თბილ. ს. ახმეტელის სახ. და სომხურ, ასევე ჭიათურის სახ. თეატრებთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
დასის წევრები არიან (2021 მონაცემებით): მ. ჩიხრაძე (ღირსების მედლის მფლობელი, ონის საპატიო მოქალაქე, 2019), ი. ჩიხრაძე (ღირსების მედლის მფლობელი), ე. გელოვნიშვილი (კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი, 2019), თ. ცხვედიანი (რესპ. თეატრ. ფესტივალების პრიზიორი), დ. მაისაშვილი, ლ. მხეიძე, გ. ისიანი (თეატრ. საზ-ბის დიპლომისა და ღირსების მედლის მფლობელი), ვ. გოგოლაძე, გ. კობახიძე, დ. დაუშვილი, ვ. ჯოხაძე, დ. ფოფხაძე, ქ. ფოფხაძე, ნ. ჩალაძე, ხ. დარახველიძე, ხ. ნატმელაძე.