აზერბაიჯანელები (საკუთარი სახელწ. – აზერბაიჯანლილარ), ერი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობა–10 მლნ. კაცი (2019). საქართველოში ცხოვრობს 233 ათ. (2014). ა. ცხოვრობენ აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთსა და შუა აზიის რესპუბლიკებში, ჩრდ.-დას. ირანში. ლაპარაკობენ აზერბ. ენაზე, რ-იც თურქ. ენების ოღუზურ შტოს განეკუთვნება. მორწმუნე ა. მუსლიმანები არიან (ძირითადად შიიტები, ნაწილობრივ – სუნიტები). ა-ის ეთნოგენეზში მონაწილეობა მიიღო სამხრ. კავკ. აღმ. ნაწილისა და ჩრდ.-დას. ირანის ძველმა მოსახლეობამ (მანეველები, კადუსიელები, კასპიები, ალბანელები და სხვ.), რ-ის მნიშვნელოვანი ნაწილი იბერ.-კავკ. ენებზე ლაპარაკობდა. საუკუნეების განმავლობაში დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხდებოდა ირან. (სკვითები, მიდიელები, მასაგეტები და სხვ.), თურქ. (ჰუნები, ხაზარები, ოღუზები, ყივჩაღები და სხვ.), არაბ. და მონღ. ტომების ჩამოსახლება.
პირველი თურქულენოვანი ჯგუფები აქ I ათასწლ. შუა ხანაში გამოჩნდნენ, მაგრამ ადგილ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა ძვ. (აზერულ, არანულ და სხვ.) ენებზე. მისი ძირითადი ნაწილის გადასვლა თურქ. მეტყველებაზე, როგორც ვარაუდობენ, მოხდა XI–XIII სს-ში და გამოწვეული იყო ოღუზებისა და სხვა თურქულენოვანი ტომების მასობრივი ჩამოსახლებით. ძირითადი ოლქები, სადაც თურქ. ენა გავრცელდა, იყო შირვანი (მოიცავდა ტერიტორიებს დარუბანდსა და მტკვარს შორის, კასპიის ზღვიდან საქართველოს საზღვრამდე – ხუნანამდე), არანი (მტკვარსა და არაქსს შორის) და აზერბაიჯანი (მტკვრისა და არაქსის სამხრ-ით).
რუსეთ-ირანის ომების შემდეგ (1804–13 და 1826–28 ) დღევანდელი აზერბაიჯანის რესპ. ტერიტორია რუსეთმა შეიერთა. XIX ს. II ნახევარში დაიწყო აზერბაიჯანის ერის კონსოლიდაციის პროცესი. XIX–XX სს. დასაწყისის ისტ. ლიტ-რასა და ოფიც. დოკუმენტებში ამ ხალხს თურქებსა და თათრებს უწოდებდნენ. XX ს. 10-იან წლებში ყველაზე დიდი ოლქის, აზერბაიჯანის სახელწოდება გავრცელდა აგრეთვე ისტ. შირვანსა და ყარაბაღზეც, ხოლო მათ მკვიდრ თურქულენოვან მოსახლეობას ეწოდა ა. ა-ს შორის ყოფითა და კულტურით ერთმანეთისაგან გამოირჩეოდა რამდენადმე განსხვავებული ჯგუფები: აირუმები, ყარაფაფახები, ფადარები, შაჰსევენები, ყარადაღელები და სხვ. ამ ჯგუფებმა დღეისათვის თითქმის დაკარგეს ყოფითი თავისებურებანი.
ა-ის მეურნეობის წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბრინჯი და სხვ. ტექ. კულტურებიდან გავრცელებული იყო ბამბა. მისდევდნენ მევენახეობას, მეხილეობას, მებოსტნეობას. განვითარებული იყო მეაბრეშუმეობა. უძველესი დროიდან მისდევდნენ მეცხვარეობას, მეძროხეობას, მეცხენეობას. გარკვეული ადგილი ეჭირა აგრეთვე მეფუტკრეობასა და ნადირობას. ხელოსნობის ტრადიციული დარგები იყო ლითონის, ხისა და ქვის დამუშავება, მეთუნეობა, ხალიჩების ქსოვა და სხვ. შეიქმნა თვითმყოფი კულტურა, მდიდარი ფოლკლორი, ლიტ-რა, სახვ. ხელოვნება.
ისტ. საქართვ. ტერიტორიაზე თურქულენოვანი მოსახლეობა, რ-იც დღეს აქ მცხოვრები ა-ის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს, X–XVII სს-ში გაჩნდა. ისინი იყვნენ თურქმანული მომთაბარე ტომები („თათრის ელები“), რ-ებსაც ირანის გამგებლები საქართველოსაგან მიტაცებულ მიწებზე ასახლებდნენ. XVI–XVII სს-ში მდ. ძეგამიდან ალგეთამდე მაჰმადიანური სახანო-სასულთნოები ჩამოყალიბდა (შამშადილი, ყაზახი, ბორჩალო, ბაიდარი). „ელები“ სახლდებოდნენ აგრეთვე მტკვრის მარცხ. ნაპირზე, დმანისის ხეობაში, სომხეთში, კახეთში. მომთაბარეთა ნაწილი უკვე XVII ს-ში ქართველ მეფეებს ემორჩილებოდა, ხოლო XVIII ს-ში მთელი აღნიშნული ტერიტორია პოლიტიკურად კვლავ აღმ. საქართველოს დაექვემდებარა. მისი თურქულენოვანი მოსახლეობა გარკვეულ როლს თამაშობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკასა და სამხ. ორგანიზაციაში. 1801. ყაზახ-ბორჩალო, შამშადილი და „ელებით“ დასახლებული სხვა მიწები აღმ. საქართველოსთან ერთად რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამჟამად საქართვ. რესპუბლიკაში ა. ცხოვრობენ ძირითადად ქვემო ქართლში (გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის რ-ები), ხოლო ნაწილობრივ - კახეთსა და თბილისში.
ლიტ.: ასათიანი ნ., საქართველო-შარვანის პოლიტიკური ურთიერთობა XII საუკუნეში, კრ.: XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1968 (თსუ შრომები, ტ. 125); ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი, თბ., 1979; გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; История Азербайджана, т. 1 – 3, Баку, 1958–63; Народы Кавказа, т. 2, М., 1962; Народы Передней Азии, М., 1957.
გ. ანჩაბაძე