დაზგური ხელოვნება, ტერმინი, რ-ითაც აღინიშნება დამოუკიდებელი ხასიათისა და მნიშვნელობის ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნაწარმოებები (განსხვავებით მონუმ. ხელოვნების, წიგნის გრაფიკის, გამოყენებითი ხელოვნებისა და სპეციალურად რაიმე ნაგებობის, ნაკეთობის ან ბეჭდური გამოცემისათვის შექმნილი ნაწარმოებებისაგან).
დ. ხ-ის ნაწარმოებთა იდეურ-მხატვრული მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული განთავსების ადგილზე, მათი მხატვრული ჟღერადობა მეტ-ნაკლებად განპირობებულია ექსპონირების პირობებით. ტერმ. „დ. ხ." წარმოდგება სიტყვა „დაზგისგან", რ-ზეც იქმნება ნაწარმოები (მაგ., ფერწერაში – მოლბერტი). ევროპაში დ. ხ. გავრცელდა აღორძინების ეპოქაში.
საქართველში დაზგური ფერწერის ფორმები ჩაისახა XVIII–XIX სს. მიჯნაზე, როდესაც შეიქმნა მეფის ოჯახის წევრთა და დიდებულთა, აგრეთვე თბილ. მოქალაქეთა პორტრეტები. XIX ს. II ნახევრიდან განვითარდა დაზგური ფერწერის ყველა ჟანრი: პორტრეტი, ყოფითი ჟანრი, ნატურმორტი, ისტ.-ბატალური ჟანრი და სხვ.
პირველი პროფესიონალი მხატვრები, რ-ებიც მუშაობდნენ დაზგურ ფერწერაში, იყვნენ გ. მაისურაძე (1817–85), რ. გველესიანი (1859–84), ა. ბერიძე (1858– 1917), გ. გაბაშვილი (1862–1936), ა. მრევლიშვილი (1866–1933), მ. თოიძე (1871–1951). დაზგური ქანდაკება, ი. ნიკოლაძის (1876–1951) ძალისხმევით, ვითარდება XX ს. დასაწყისიდან, დაზგური გრაფიკა კი – XX ს. 10-იანი წლებიდან. მისი საწყისები უკავშირდება გ. ტატიშვილის (1848–1911), ა. ბერიძის, გ. გაბაშვილის, მ. თოიძისა და სხვათა სახელებს.
თ. ფერაძე