აბულაძე ილია ვლადიმერის ძე

აბულაძე ილია.

აბულაძე ილია ვლადიმერის ძე (24. XI. 1901, სოფ. ზემო საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 9. X. 1968, თბილისი), ფილოლოგი. ძვ. ქართ. ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).

დაამთავრა თსუ-ის სიტყვიერებისა (1926) და საენათმეცნიერო (1929) განყ-ბები. 1933-იდან ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. 1958 მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტი, რ-ის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რ-თა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართ.-სომხ. ფილოლ. პრობლემებისადმია მიძღვნილი. ა-მ ძვ. მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართ.-სომხ. ლიტ. ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. „შუშანიკის წამების“ ქართ.-სომხ. ტექსტების შინაარსობრივი, მხატვრული და ენობრივი ანალიზის შედეგად საბოლოოდ დაადგინა, რომ ამ თხზულების ქართ. ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხური –მისი თარგმანი. „ქართლის ცხოვრების“ სომხ. თარგმანის შესწავლით კი გაარკვია მისი უდიდესი მნიშვნელობა ქართ. ტექსტის დასადგენად. მასვე ეკუთვინის ძვ. ქართ. მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინ.) ძეგლების მეცნ.-კრიტ. პუბლიკაციები (იაკობ ცურტაველი, მარტʒლობაჲ შუშანიკისი, თბ., 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 - ლექსიკონი ქართული, წგ. 1– 2, თბ., 1965 – 66). ა-ის სახელთან არის დაკავშირებული კავკ. ალბანელთა ანბანის აღმოჩენა (1937). ნაყოფიერად იკვლევდა ძვ. ქართ. ლექსიკას.

თხზ.: ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX–X საუკუნეებში, თბ., 1944; ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, თბ., 1953; ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, თბ., 1955; „ბალავარიანის“ ქართული რედაქციები, თბ., 1957; ქართული წერის ნიმუშები. პალეოგრაფიული ალბომი, თბ., 1973; ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973.

ლიტ.: გამყრელიძე ა., პროფესორი ილია აბულაძე, კრ.: მრავალთავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი (ეძღვნება პროფ. ილია აბულაძის ხსოვნას), [ტ.] 1, თბ., 1971 (ახლავს ა-ის ნაბეჭდი შრომების სია).

 ც. ქურციკიძე