დაზღვევა

დაზღვევა, ხელშეკრულება (გარიგება) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მათი პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

დ-ს ახორციელებს სადაზღვევო ორგანიზაცია (იურიდ. პირი) – მ ზ ღ ვ ე ვ ე ლ ი, რ-საც აქვს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია. ხელშეკრულების მეორე მხარეა დ ა მ ზ ღ ვ ე ვ ი (ფიზ. ან იურიდ. პირი). მზღვეველის მოვალეობაა დამზღვევს აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი – გადაუხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული ქმედება, ხოლო დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი (პრემია).

დ. ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმით. ნ ე ბ ა ყ ო ფ ო ბ ი თ ი  დ-ის დროს დ. დამოკიდებულია დამზღვევის პირად სურვილზე. ამ დროს დ-ის პირობები დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით, რ-იც ფორმდება სპეც. დოკუმენტით (სადაზღვევო პოლისით). ნებაყოფლობითი დ-ის განხორციელების უფლება აქვს ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიას, რ-საც აქვს სათანადო ლიცენზია. ნებაყოფლობით დ-ში შედის სიცოცხლის დ., საპენსიო დ., უბედური შემთხვევებისა და ავადმყოფობისაგან დ., სამედიცინო დ., სხვადასხვა სახის სატრანსპ. საშუალებათა დ., ტვირთების დ., ფინანსური რისკების დ., სხვადასხვა სახის ქონების დ., სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობის (პროფესიული, გადამზიდველის, სამოქალაქო, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე და სხვ.) დ. ს ა ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ო დ-ის დროს დ-ის ობიექტი, პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით და მათი გათვალისწინება სავალდებულოა მზღვეველსა და დამზღვევს შორის სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისას. სავალდებულო დ-ის სახეებია: ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დ. (თუ სატრანსპ. საშუალების მფლობელი ექსპლუატაციისას ზიანს მიაყენებს მესამე პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაზარალებულს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს სადაზღვევო ორგანიზაცია და არა ტრანსპ. მფლობელი), საწარმოს ხანძარსაწინააღმდეგო დ., პარლამენტის წევრის სიცოცხლის და ჯანმრთელობის სავალდებულო დ. და საპენსიო უზრუნველყოფა.

დ-ის ობიექტის ხასიათის მიხედვით გამოიყოფა დ-ის სამი სახე: პირადი დ., ქონების დ., პასუხისმგებლობის დ. პ ი რ ა დ ი დ. დაკავშირებულია დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასა და სხვა პირად ინტერესებთან; ქ ო ნ ე ბ ი ს დ. – ქონების ფლობასთან, განკარგვასა და ქონებით სარგებლობასთან; პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს დ. კი – დაზღვეულის მიერ მესამე პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან.

დ-ში გამოიყენება აგრეთვე გ ა დ ა ზ ღ ვ ე ვ ი ს ფორმაც, რ-საც მიმართავს სადაზღვევო კომპანია, მყარი ფინანს. მდგომარეობის შესანარჩუნებლად. გადაზღვევა არის ოპერაცია ორ სადაზღვევო კომპანიას შორის, რ-ის დროსაც დ-ის (გადაზღვევის) ხელშეკრულებით ერთ-ერთი მხარე თავის თავზე იღებს რისკის ნაწილს მისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ. მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობას ეწევა დ-ის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით. დ-ის აგენტი შეიძლება იყოს როგორც იურიდ., ასევე ფიზ. პირი, რ-იც მოქმედებს მზღვეველის (სადაზღვევო კომპანია) დავალებითა და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

სადაზღვევო ბროკერი არის აგრეთვე იურიდ. ან ფიზ. პირი, რ-იც დ -ის სფეროში ასრულებს საშუამავლო ფუნქციას სათანადო ლიცენზიის შესაბამისად. დ-ის ჩანასახოვანი ფორმები ასახულია ძვ. მსოფლიოს კანონმდებლობაში – ბაბილონის, ხეთური, ასირიული სამართლის დღემდე მოღწეულ წყაროებში, მეზოამერიკის – მაიას ხალხთა ცივილიზაციის ისტორიიდან შემონახულ ძეგლებში.

საქართველოში, საბჭ. პერიოდში, ისე როგორც მთლიანად საბჭ. კავშირში, ყველა სადაზღვევო ოპერაციას ასრულებდა ერთადერთი ორგანიზაცია – სსრკ სახელმწიფო დაზღვევა –„სახდაზღვევა" („Госстрах", დაარსდა 1924), რ-საც სახელმწ. დ-ის მთ. სამმართველოები ჰქონდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში, საქალაქო და რ-ნული სახელმწ. დ-ის ინსპექციების ქსელით, ხოლო უცხოეთთან დაკავშირებულ დ-ის ოპერაციებს ახორციელებდა აქციონერული საზ-ბა „ინგოსსტრახი" („Ингосстрах"). სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1997 წ. მაისში საქართვ. პარლამენტმა მიიღო კანონი „დაზღვევის შესახებ", რ-იც საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის ძირითადი მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტია. ამ პერიოდიდან დაიწყო რეფორმა სადაზღვევო სფეროში, შეიქმნა საქართვ. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რ-მაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში სადაზღვევო სფეროს სახელმწიფოებრივ ზედამხედველობას. 2009-იდან ამ ფუნქციას ასრულებს საქართვ. ეროვნული ბანკი. 2011 წ. 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში მოქმედებდა 16 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია (ამათგან 7 უცხოურ კომპანიებთან ერთობლივადაა შექმნილი), მ. შ. „ალდაგი ბისიაი", „იმედი L. ინტერნატიონალ", „ჯი პი აი ჰოლდინგი", „ირაო", „აი სი ჯგუფი" და სხვ. ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მომსახურებას დ-ის მრავალ სახეობაში საერთაშ. სტანდარტების შესაბამისად.

დ-ის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფინანსო დარგის მეცნ. შესწავლის მიზნით, პირველად საქართველოში ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ფინანსების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში შეიქმნა „საბანკო საქმისა და დაზღვევის პრობლემების განყოფილება" (1996). დ-ის აქტუალურ საკითხებს აგრეთვე სწავლობენ ეკონ. პროფილის სამეცნ.-კვლ. ინ-ტები.

დ-ის პრობლემების მეცნ. კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართვ. მეცნიერებმა და სპეციალისტებმა რ. გველესიანმა, ვ. კეკუამ, ა. კვარაცხელიამ, ი. მესხიამ , რ. ფაჩულიამ, ა. ცერცვაძემ და სხვ.

ლიტ.: სიცოცხლის დაზღვევის სახელმწიფოებრივი რეგულირება, თბ., 1999; ფ ა ჩ უ ლ ი ა  რ., დაზღვევა: პრობლემები და მოსაზრებები, თბ., 1998; ც ი ს კ ა ძ ე  მ., ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, თბ., 2001; Б а л а б а н о в  И. Т. , Б а л а б а н о в  Л. И., Страхование, СПб., 2003; Ш а х о в  В. В., Страхование, М., 1997;D i c k s o n G. C. A., S t e e l e J. T., Introduction to insurance, Glasgow, 1997; B i r d s J., Modern insurance law, L., 1997.

რ. ფაჩულია

მ. ცისკაძე