აბულაძე კალენიკე სარდიონის ძე (1895, სოფ. სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 21. IX. 1972, ლენინგრადი), ფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, სსრკ მედ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1951).
1925 დაამთავრა ლენინგრ. სამხ.-სამედ. აკადემია. 1932-მდე მუშაობდა სამხ. ექიმად ამიერკავკასიაში, 1932-იდან – ლენინგრადში ექსპერ. მედ. ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი ამავე ინ-ტის უმაღლესი ნერვული მოქმედების პათოლ. ლაბორატორიას განაგებდა. აკად. ი. პავლოვის ხელმძღვანელობით შეისწავლა უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლ. კანონზომიერებანი, კერძოდ, ყნოსვის სმენისა და მხედველობის რეცეპტორების მოშლით გამოწვეული ნერვული პროცესების დარღვევა ტვინის ქერქში. შეიმუშავა პირობითი და უპირობო ცრემლდენისა და ნერწყვის გამოყოფის რეფლექსების გამოკვლევის ორიგინ. მეთოდები. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთისა და სსრკ-გერმანიის ომებში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
თხზ.: 1. Безусловные и условные слюнные рефлексы по новой методике раздражения изолированных участков языка, Л., 1950.