ანჯაფარიძე მერი ივლიანეს ასული (28. X. 1904, ქუთაისი, – 13. VII. 1980, მოსკოვი), კინორეჟისორი. რსფსრ ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1954), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1950). ვ. ანჯაფარიძის და, რეჟ. გ. დანელიას დედა.
დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1928). რეჟისორის ასისტენტად იმუშავა ფილმებზე „დიადი განთიადი“ (1938) და „გიორგი სააკაძე“ (1942 – 43). შემდეგ რეჟისორად მუშაობდა „მოსფილმში“ მ. ჭიაურელთან („ფიცი“, 1946; „ბერლინის დაცემა“, 1949; „დაუვიწყარი 1919 წელი“, 1952), ს. იუტკევიჩთან („ალბანეთის დიდი მეომარი სკანდერბეგი“ 1953), ვ. სტროევასთან („ბორის გოდუნოვი“, 1955), გ. როშალთან (ა. ტოლსტოის რომანის „გზანი წამებისანი“ მიხედვით გადაღებულ ტრილოგიაზე: „დები“, 1957, „თვრამეტი წელი“, 1958 და „მოღუშული დილა“, 1959).
დამოუკიდებლად გადაიღო მხატვრული ფილმები: „ანიუტა“ (ა. ჩეხოვის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით 1959), „გზაზე“ და სხვ. მასვე ეკუთვნის სატირულ-იუმორისტული კინოჟურნალის „ფიტილის“ („პატრუქი“) რამდენიმე სიუჟეტის დადგმა.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მოსკოვში, კუნცევოს სასაფლაოზე.
ა. გვენცაძე