ანჯელო ფილინელი (Angelo da Filigne), იტალიელი მონაზონი, კაპუცინების ორდენის წევრი. მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში.
1687 მაისში მეფე გიორგი XI-მ და არქიეპისკოპოსმა ექვთიმე რატიშვილმა სიგელებით წარგზავნეს პაპ ინოკენტი XI-თან. მეფე და არქიეპისკოპოსი პაპს მფარველობას სთხოვდნენ და ერთგულებას ეფიცებოდნენ (ზოგიერთი ცნობით – აუწყებდნენ კათოლიკობის მიღებას).
ა. ფ-მა პროპაგანდის კონგრეგაციის სკოლაში მისაბარებლად თან გაიყოლა 19 წლის თბილისელი კათოლიკე სოლომონ თუმანიშვილი. 1688 მაისში პაპმა და პროპაგანდის კონგრეგაციამ ა. ფ. საპასუხო სიგელით გამოისტუმრეს საქართველოში. პაპმა მას საჩუქრები გამოატანა მეფესთან (ღვთისმშობლის ხარების ხატი) და არქიეპისკოპოსთან (ბარძიმი).
ლიტ.: თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.