აპიანე ალექსანდრიელი

აპიანე ალექსანდრიელი (Appianos ho Alexandreōtikos) (დაახლ. 90–170), რომაელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ტომით ბერძენი, ავტორი 24 წიგნად (ბერძნ. ენაზე) დაწერილი „რომის ისტორიისა“. ჩვენამდე სრულადაა მოღწეული VI–VIII და XI –XVII წიგნები. XVIII–XXIV – დაკარგულია. XII წიგნი (მითრიდატეს ომების ისტორია) შეიცავს ბევრ საინტერესო ცნობას საქართველოს შესახებ. ა. ა. აყენებს ევროპელ და აზიელ იბერთა ურთიერთობის საკითხს. არგონავტების მითის ოქროს საწმისის ამბავს კოლხეთში ოქროს ქვიშის მოპოვების წესს უკავშირებს. აღგვიწერს პომპეუსის ბრძოლას იბერთა მეფე არტოკესთან (არტაგი), ალბანეთში – მეფე ოროიზესთან (ორისი), რომაელთა დამოკიდებულებას დაპყრობილ ხალხთან (ქვეშევრდომები, მოკავშირენი, სამეფო ძალაუფლების მქონენი). ნახსენები აქვს, რომ პომპეუსმა კოლხთა დინასტად (მმართველად) დააყენა არისტარქე. პომპეუსის ტრიუმფის დროს ტყვეთა და მძევალთა შორის მოხსენიებული არიან კოლხთა სკეპტუქოსი (მმართველი) ოლთაკე (ამ სახელს ვხვდებით პლუტარქესთან, რ-იც მას „დინასტს“ უწოდებს), იბერთა სამი და ალბანთა ორი მთავარი.

თხზ.: მითრიდატეს ომების ისტორია, თ. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1959.

თ. ყაუხჩიშვილი