აპოფთეგმა

აპოფთეგმა (ბერძნ. Apophthegma), სხარტი, მახვილგონივრული, ღრმააზროვანი გამონათქვამი. -ების კრებულებს, რ-თა მიზანი იყო მკითხველის ზნეობრივი დამოძღვრა, საფუძველი ჩაეყარა ანტ. საბერძნეთში. -ები იმთავითვე ფართოდ გავრცელდა როგორც ელინისტურ სამყაროში, ისე ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, შემდგომში კი – შუა საუკ. ევროპაში. საქართველოში ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის -ები უთარგმნიათ X ს-მდე (მაგ., კ. კეკელიძე ასახელებს პატრიარქ ფოტიოსის კრებულის ერთი თავის თარგმანს „სწავლანი ანტონისანი“). -ები უნდა იყოს ათონის ივერთა მონასტრის X ს. ხელნაწერში შემონახულ ზნეობრივი ხასიათის ასკეტიკურ კრებულში „დიდ ლიმონარშიც“. ამავე საუკუნეში სტეფანე ათონელმა ბერძნულიდან თარგმნა იოანე ოქროპირის „ფუტკარი“, XII ს-ში უნდა იყოს ნათარგმნი „ღნომნი სწავლათანი სარგებლად სულისა“. XI – XII სს-ში შექმნილა და გავრცელებულა სხვადასხვა წიგნიდან გამოკრებილი -ების კრებულები: „სიტყვანი და სწავლანი სამეცნიერონი“, „სიბრძნისაგან მრავალთა ფილოსოფოსთასა“, „სიბრძნისაგან პლატონ ფილოსოფოსისა“; XV–XVIII სს-შიც გვხვდება ამ ტიპის ნათარგმნი თუ ქართ. ნიადაგზე შექმნილი თხზულებანი: „წიგნი სასურველი“, „სწავლანი და სიბრძნენი ფილოსოფოსთანი“. „შეგონებანი ახიკარ ბრძნისანი“, სპარსულიდან ნათარგმნი „ამირნასარიანი“. XVIII ს-ში გაიოზ რექტორმა რუსულიდან თარგმნა მარკუს ავრელიუსის „საყოფაცხოვრებო ჰსჯა“, აგრეთვე „კიტაის სიბრძნე“, „სამეფო ტომარა“, ფენელონის „მოკლე მოთხრობა ძველი ფილოსოფოსების ცხოვრებისა“. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრებულია „აპოფთეგმატა ანუ სიტყვის-გება სოგრატისა და სხვათა ფილოსოფოსთა“, რ-იც ვახტანგ VI-ის თხოვნით ერასტი თურქისტანიშვილმა თარგმნა რუსულიდან (რუს. თხზულების წყაროა XVII ს. პოლ. მწერლის ბენიაშ ბუდნის კრებული). „აპოფთეგმატა“ ოთხი სხვადასხვა რედაქციით გაულექსავს ვახტანგ VI-ს.

გამოცემა: სიტყვის-გება სოგრატისი და სხვათა ფილოსოფოსთა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ლალი ძოწენიძემ, თბ., 1978.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ძ ო წ ე ნ ი ძ ე  ლ., რუსული „აპოფთეგმატას“ ქართული რედაქციები, თბ., 1959.

ლ. ძოწენიძე