არაბიკის კარსტული უფსკრული, მღვიმე აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის კირქვულ მასივზე. ძირითადი ჩასასვლელი ორთაბალაგანის ტროგულ ხეობაშია, ზ. დ. 2240 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ-ქვედაცარცული ძლიერ დამსხვრეული კირქვების წყებაში, ბერჭილის ანტიკლინის თაღურ ზოლში. მღვიმის ზედა ნაწილში (550 მ სიღრმემდე) კარგად არის გამოსახული ჭები და შახტები, ქვედაში – დახრილფსკერიანი დერეფნები; აღსანიშნავია კოლბისებური ფორმის გიგანტური დარბაზი (სიმაღლე 271 მ – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში; მოცულობა 600 ათ. მ³); ეს დარბაზი ნაპრალთა ინტენსიური თავმოყრის უბანს ემთხვევა. 700 მ სიღრმეზე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახ. დარბაზი (მოცულობა 150 ათ. მ³). მღვიმის მნიშვნელოვანი სუბჰორიზონტული მონაკვეთები 150 და 570 მ სიღრმეზე იწყება. აქვს მრავალი განშტოება; ერთ-ერთი მათგანია ე.წ. კრუბერის სახელობის უფსკრული. ინდიკატორული ცდით დადასტურდა, რომ არაბიკის მღვიმურ სისტემაში გამდინარე ნაკადი (დებიტი 20 – 50 ლ/წმ, ტემპ-რა 1,5 – 2,5°C) გამოსავალს პოულობს რეპრუასა და ცივწყალას (ძველი გაგრა) ვოკლუზურ წყაროებში. იგი ერთ-ერთი უღრმესი კარსტული ჰიდროსისტემაა მსოფლიოში. მღვიმის ბოლო წერტილი (1110 მ) ნაზვავით არის ამოქოლილი, რ-შიც იფილტრება მიწისქვეშა ნაკადული.
ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., ჩანგაშვილი გ., ოქროჯანაშვილი ა., არაბიკას კირქვული მასივის კარსტულ-სპელეოლოგიური თავისებურებანი, კრ.: საქართველოს გეოგრაფიის პრობლემები, თბ., 1965; Климчук А. Б., Рогожников В. Я., О влиянии позднечетвертичных оледениний на развитие карста массива Арабика, «Известия Всесоюзного географического об-ва», 1984, т. 116, в. 2.
ზ. ტატაშიძე