არაბიკის მასივი, კირქვული მასივი გაგრის მუნიციპალიტეტში, გაგრის ქედის დას. ნაწილში. მდ-ების ფსოუსა და ბზიფის წყალგამყოფი. სიმაღლე 2690 მ.
აგებულია უმთავრესად გვიანდ. იურული და ცარცული ასაკის კირქვებით, რ-ებიც ღრმადაა დაკარსტული; არის მრავალი უფსკრული, მღვიმე, ძაბრი, ჭა და კარსტული რელიეფის სხვა ფორმები. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. იზრდება ჯუჯა ღვიისა და ტირიფის ბუჩქნარი.
2009 წ. მონაცემებით არაბიკის კირქვულ მასივზე აღრიცხული და ნაწილობრივ გამოკვლეული სიღრუეების რიცხვმა 170-ს გადააჭარბა. მათი ჯამური სიღრმე 16,5 კმ, ხოლო სიგრძე 49 კმ აჭარბებს. 1000 მ-ზე ღრმაა კრუბერის სახელობის უფსკრული (სიღრმე 2191 მ), უფსკრული „სარმა“ (1543 მ), ილიუხინის სახელობის (1275 მ), არაბიკის კარსტული (1110 მ) და ძოუს (1090 მ) უფსკრულები.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.
კ. მგელაძე