არაბობა საქართველოში, არაბთა ფეოდალური სახელმწიფოს (სახალიფოს) მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, რ-იც მეტ-ნაკლები სიძლიერითა და მოცულობით VII ს. შუა წლებიდან XI ს. შუა წლებამდე გრძელდებოდა.
ა. შეიძლება სამ მთავარ პერიოდად დაიყოს: 1) საქართველოში არაბთა შემოსვლიდან თბილისის საამიროს დაარსებამდე (VII ს. 50-იანი წწ. – VIII ს. 30-იანი წწ.). ეს იყო სახალიფოს მიერ საქართველოში გაბატონებისათვის ბრძოლის ხანა; 2) VIII ს. 30-იანი წლებიდან IX ს. 80-იან წლებამდე (თბილ. საამიროს დაარსებიდან სახალიფოსგან მის ჩამოშორებამდე და დამოუკიდებელ სამთავროდ გადაქცევამდე). ეს იყო აღმ. საქართველოში არაბთა მყარი ბატონობის ხანა; 3) IX ს. 80-იანი წლებიდან XI ს. შუა წლებამდე (ახლო და შუა აღმოსავლეთში სელჩუკიანი თურქების გაბატონებამდე). ამ პერიოდში ა., როგორც არაბთა ბატონობა, ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო და იგი მხოლოდ გადმონაშთის – თბილ. საამიროს სახით არსებობდა. პირველად არაბები საქართველოში 642–643 შემოიჭრნენ. მაგრამ ამ ლაშქრობას არავითარი პოლიტ. შედეგი არ მოჰყოლია. არაბები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მხოლოდ ირანის (651) და სომხეთის (652) დაპყრობის შემდეგ დაიწყო არაბების სისტემ. ბრძოლა საქართველოში გაბატონებისათვის. პირველად არაბებმა ქართლი დაიმორჩილეს 654–655 ჰაბიბ იბნ მასლაამის შემოსევის შედეგად. არაბ-ქართველთა ურთიერთობას განსაზღვრავდა „დაცვის სიგელი“, რ-ითაც ქართლის მოსახლეობა არაბების სასარგებლოდ ხარკს იხდიდა. ამჯერად არაბთა ბატონობა ქართლში მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ქართველებმა ისარგებლეს სახალიფოში ტახტისათვის ატეხილი შინაომით (651–661) და არაბებს ხარკის მიცემა შეუწყვიტეს. VII ს. 70-იანი წწ. ბოლოს არაბებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი ბატონობა ქართლში. საქართველოზე გაბატონებაში არაბებს ბიზანტ. იმპერია ეცილებოდა. 685 სახალიფოსა და ბიზანტიას შორის დაიდო ზავი, რ-ის ძალითაც კ. კვიპროსიდან, სომხეთიდან და ქართლიდან მიღებული ხარკი ამ ორ ქვეყანას თანასწორად უნდა გაეყო. მაგრამ ქართვ. ხალხი არც ერთ დამპყრობელს არ ემორჩილებოდა. 686 ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებამ იფეთქა. ქართლის ერისმთავარმა ნერსემ სასტიკად დაამარცხა სომხეთში მყოფი არაბთა სარდალი ბარაბა. ამავე ხანებში არაბებს სამხრ. კავკასიაში ბატონობას ეცილებოდა ხაზართა სახელმწიფოც. VII ს. 80-იან წლებში ხაზარები სამხრ. კავკასიაში შემოიჭრნენ. არაბებს მათთან მძიმე ბრძოლა მოუხდათ. ქართველები ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ ხაზარ-არაბთა მეტოქეობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. 697 ეგრისის (დას. საქართველოს) მმართველი სერგი ბარნუკისძე ბიზანტიელების წინააღმდეგ აჯანყდა და თავისი სამფლობელო არაბებს გადასცა. არაბებმა დაიკავეს ეგრისის დედაქალაქი ციხეგოჯი (ახლანდ. ნოქალაქევი) და რამდენიმე ციხე კოდორის ხეობაში, მაგრამ მალე დატოვეს დას. საქართველო. VIII ს. დასაწყისში არაბები დამკვიდრდნენ ქართლში. 704–705 მათ თბილისში საკუთარი ვერცხლის მონეტა მოჭრეს. VIII ს. 20-იან წლებში სამხრ. კავკასიაში არაბთა ბატონობის განსამტკიცებლად ხალიფა ჰიშამმა გამოგზავნა დამსჯელი ჯარი ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰის სარდლობით (იხ. ჯარაჰის შემოსევები საქართველოში). ამავე მიზნით 30-იან წლებში გამოგზავნეს მარვან იბნ მუჰამადი (ქართ. წყაროებით – მურვან ყრუ). 735–736 მურვანმა ააოხრა საქართველო (იხ. მურვან ყრუს შემოსევა). ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავიანთი მოხელე (ამირა) დანიშნეს, მისი რეზიდენცია თბილისში იყო. არაბთა ბატონობა საქართველოში სტაბილური გახდა. არაბებმა აღმ. საქართვ. მოსახლეობას დააკისრეს მძიმე გადასახადები – ხარაჯა და ჯიზია. ხალხს დაეკისრა აგრეთვე სამხრ. რაზმებისა და მრავალრიცხოვან მოხელეთა შენახვა. მოსახლეობას დაადეს ბეგარად გზების, ხიდებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა. არაბთა ბატონობას მოჰყვა მაჰმადიანური მოსახლ. გაჩენა საქართველოში. VIII ს. II ნახევრიდან არაბებმა დაიწყეს ჩარევა დაპყრობილი ქვეყნების საშინაო საქმეებში. IX ს. დასაწყისში ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება გააუქმეს. არაბთა ბატონობით უკმაყოფილო იყო ქართული საზ-ბის ყველა ფენა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართვ. მოსახლ. მწარმოებელი ნაწილი, რ-იც იხდიდა ხარკს და ასრულებდა ყოველგვარ ვალდებულებას დამპყრობელთა სასარგებლოდ. არაბთა ხელისუფლება შედარებით მტკიცე იყო საქართვ. ცენტრ. რ-ნებში, განაპირა მხარეები კი მალე განთავისუფლდნენ მათი ბატონობისაგან. VIII–IX სს. მიჯნაზე საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე დამოუკიდებელი ფეოდ. სამეფო და სამთავრო (აფხაზთა სამეფო – დასავლეთ საქართველო, კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამთავრო, ქართველთა საკურაპალატო – ტაო-კლარჯეთი).
თბილ. საამიროს ფარგლებში დარჩა მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლის ტერიტ. ნაწილი. IX ს-იდან დაიწყო თბილ. ამირების ბრძოლა სახალიფოს ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ. არაბთა სახელმწიფო დასუსტდა და დაიშალა. IX ს. II ნახევარში თბილ. საამირო იქცა ადგილ. ფეოდ. სამთავროდ. სახალიფოს ცდას – დაემორჩილებინა გამდგარი ამირები და კვლავ გაბატონებულიყო საქართველოში – შედეგი არ მოჰყოლია. 853 ხალიფა მუთავაქილმა სამხრ. კავკასიაში გამოაგზავნა დიდი ჯარი ბუღა თურქის მეთაურობით (იხ. ბუღა თურქის ლაშქრობა 853–854). მან აიღო თბილისი, მაგრამ არაბთა ადრინდ. ბატონობის აღდგენა საქართველოში ვერ შეძლო. 914 ხალიფას ბრძანებით აბულ-კასიმ საჯმა სცადა სომხეთის და საქართველოს დაპყრობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია (იხ. აბულ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914). ეს იყო უკანასკნელი და უშედეგო ცდა არაბთა ბატონობის აღდგენისა საქართველოში. ა. მძიმე მოვლენა იყო ქართვ. ხალხის ცხოვრებაში. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იდეოლოგიურ მხარეს. ამ მხრივ აღსანიშნავია იოანე საბანისძის პატრ. ქადაგება. აბო თბილელის მოწამეობის აღწერით მან დიდი პროპაგანდა გასწია ქრისტიანობისა და ეროვნ. თვითმყოფელობის შესანარჩუნებლად. არაბთა ბატონობამ საგრძნობლად შეაფერხა საქართვ. სოც.-ეკონ. განვითარება. მაგრამ აღმავალი ფეოდ. განვითარების გზით მიმავალი ქვეყანა საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა ამ მძიმე განსაცდელიდან.
ლიტ.: გაბაშვილი ვ., სიხარულიძე ე., მახლობელი აღმოსავლეთი ადრეფეოდალურ ხანაში, წგ.: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ჰაბიბ-იბნ-მასლამის „დაცვის სიგელი“, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1951, ნაკვ. 29; მისივე, არაბთა მფლობელობის ხასიათი საქართველოში, იქვე, 1963, ნაკვ. 35; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2); ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952.
მ. ლორთქიფანიძე