არაბული ამირან დავითის ძე (დ. 20.III. 1956, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯუთა), ფოლკლორისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (1999). 1980-იდან მუშაობს შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. 2011-იდან ხელმძღვანელობს საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. 2001–09 იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნ. სტატია, მონოგრაფია. არის მრავალი სამეცნ. წიგნის, კრებულის რედაქტორი. 2000–09 იყო ჟურნალ „ლიტერატურული ძიებანის“ რედკოლეგიის წევრი. ავტორია წიგნებისა: „სულუქცევრად საკითხავნი“, ჩანაწერები (2013), „სულუქცევრად საკითხავნი“ (2016), „შენდობით მომიხსენიეთ“ (თანაავტორი ე. თათარაიძე, 2007). წლების განმავლობაში შეწყვეტილი ხალხური პოეზიის საღამოები (იდეის ავტორებია: ვ. კოტეტიშვილი, ა. ჭინჭარაული, თ. მირზაშვილი, დ. კიტია, ს. ლაფაური და სხვ.) განახლდა ა-ის ინიციატივით ე. თათარაიძესთან ერთად.
მიღებული აქვს ლიტ. პრემია „საბა“ (2008).