არაბული ფილოსოფია, შუა საუკუნეების არაბულენოვანი ფილოსოფია, რ-საც ზოგჯერ ისლამის ფილოსოფიასაც უწოდებენ. მისი გამოჩენილი წარმომადგენლების წყალობით (ალ-ქინდი, ალ-ფარაბი, იბნ სინა ანუ ავიცენა, ალ-ღაზალი, ავეროესი) არაბ. კულტურამ შეძლო მოწინავე საკაცობრიო აზრის დონეზე დამდგარიყო და კეთილისმყოფელი გავლენა მოეხდინა დასავლეთზე. თავისუფლად მოაზროვნენი (მუთაზილიტები) ემყარებოდნენ ნეოპლატონიზებულ არისტოტელეს. ორთოდოქსალურ თეოლოგიას, რ-იც კრეაციონიზმს (არარასაგან ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა) და ღმერთის ნების სრულ თავისუფლებას იცავდა, მუთაზილიტების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარში ამოუდგნენ სუფიები, ისინი ნეოპლატონური ემანაციის თეორიას (აბსოლ. სიკეთისაგან ანუ ღმერთისაგან სამყაროს გამოსხივება), ინდ. და ირან. მისტიკას ემყარებოდნენ. XI ს-ში სუფიზმი ოფიც. რელიგია გახდა. ამაში დიდი როლი ითამაშა ალ-ღაზალიმ (1058/59 – 1111). ქართ. კულტურის არაბულთან შეხვედრა უკვე „აბოს მარტვილობაში“ (VIII ს.) ჩანს. IX – X სს-ში, მას შემდეგ, რაც არაბულიდან ითარგმნა „სიბრძნე ბალავარისა“, ქართ. თეოლოგიაში შემოვიდა აბსოლუტის დასაბუთების ონტოლოგიური და ფიზიკურ-თეოლ. მეთოდები. დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოში ქრისტიანი არაბის იოანე დამასკელის მიმდევარ თეოდორე აბუკურას (740 – 820) ფილოს. ტრაქტატებს საერო ფილოსოფიასთან მიმართების შესახებ. ეს ტრაქტატები თარგმნა არსენ იყალთოელმა, თუმცა ამ დროს აღორძინებულმა ქართ. ფილოს. აზრმა გეზი ბერძნ. ორიგინალებზე აიღო. არაბებისაგან განსხვავებით, ქართველები უშუალოდ ეცნობოდნენ ბერძნ. წყაროებს, მაგრამ ნეოპლატონიზმის გავლენით არაბების მსგავსად ემანაციისა და კრეაციის გაიგივების, სიკეთის მონიზმის, აგრეთვე პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებათა ჰარმონიის თვალსაზრისზე იდგნენ. ქართ. და ა. ფ-ის მიმართებას იკვლევდნენ შ. ნუცუბიძე, კ. ბაქრაძე, მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი. შ. ნუცუბიძის აზრით, ა. ფ-ს არ მოუხდენია გავლენა ქართ. აზროვნებაზე; მ. გოგიბერიძე კი ფიქრობდა, რომ ა. ფ-ს უდუდესი კეთილისმყოფელი გავლენა ჰქონდა რუსთაველზე. კ. ბაქრაძის აზრით, ა. ფ-ის უმაღლესი მწვერვალი – ავეროესის მოძღვრება – სქოლასტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. ს. წერეთელი ა. ფ-ის უდიდეს წარმომადგენლად ავიცენას თვლიდა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მის წვლილს უნივერსალიების შესახებ კამათში და მოძღვრებას მატერიის მარადიულობაზე. ბოლო წლებში ა. ფ-ის შესწავლა ჩვენში დაკონკრეტდა: ითარგმნა აბულ-ალა ალ-მაარის ფილოს. ლექსები (ნ. კილაძე), იბნ სინას „ტრაქტატი სიყვარულზე“ (ბ. სერებრიაკოვი). საგანგებო შესწავლის საგნად იქცა ალ-ღაზალის (ნ. კილაძე), ავიცენას (გ. ჯიბლაძე) შემოქმედება. შუა საუკ. ფილოსოფიაზე გამოქვეყნებულ ქართ. ნარკვევებში კუთვნილი ადგილი დაიკავა ა. ფ-მ.
ლიტ.: ბაქრაძე კ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 6, თბ., 1972; გოგიბერიძე მ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 4, თბ., 1978; კილაძე ნ., ალ-ღაზალი და მისი „თაჰაფუთ ალ-ფალასიფა“, თბ., 1970; შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ნაწ. 2, თბ., 1984; წერეთელი ს., ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. 2, თბ., 1986; Джибладзе Г. Н., Системы Авиценны (Некоторые обобщения и материалы), Тб., 1986.
გ. თევზაძე