არაგვის ხეობა, ხეობა ქართლის ჩრდ.-აღმ. ნაწილში, რ-იც მოქცეულია ჩრდ-ით კავკასიონის მთავარი ქედის, აღმ-ით ქართლის ქედის, დას-ით ლომის-ალევის ქედის, სამხრ-ით მუხრან-საგურამოს ვაკის საზღვრებში.
ა. ხ-ში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის (ბაზალეთის პლატო), ადრე სამიწათმოქმედო კულტ. ხანის (ჟინვალი, არანისი, ბოდორნა, აბანოსხევი), ადრინდ. ბრინჯაოს ხანის არქეოლ. ძეგლები (დიდველ-ხადის ხეობა, ჟინვალი, არაგვისპირი, აბანოსხევი). ცნობილია ხადის, ჭიკაანის, ჩაბარუხის, ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის, ბულაჩაურის და სხვ. გვიანდ. ბრინჯაოს ხანის არქეოლ. ძეგლები. არაგვისა და მტკვრის შესართავთან უკვე ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დიდი დასახლება, რ-ის საფუძველზეც ანტ. ეპოქაში ქართლის (იბერიის) სამეფოს ძვ. დედაქალაქი მცხეთა წარმოიქმნა. წინაელინისტურ ხანაში არაგვზე გადიოდა აღმ. საზღვარი ზენა სოფლისა, რ-საც შემდგომში შიდა ქართლი და სასპასპეტო ეწოდებოდა. იგივე არაგვი იყო, ერთი მხრით, ქართლისა და, მეორე მხრით, კახეთ-კუხეთის, ხოლო მოგვიანებით კახეთის საზღვარი (IX–XI სს-ში კახეთის სამთავროს გაძლიერებასთან დაკავშირებით, ქართლ-კახეთის საზღვარი ქსნის ხეობაზე გადიოდა. გვიანდ. საუკუნეებში ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი არაგვსა და გუდამაყრის ქედს გასდევდა).
ა. ხ-ზე უძველესი დროიდან გადიოდა ჩრდ. კავკასიის დამაკავშირებელი გზა სამხრ. კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი მის შესახებ აღნიშნავს: „ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარეებიდან დაახლოებით სამი დღის ძნელი ამოსასვლელია, ხოლო ამის შემდეგ არის საცალფეხო გზა მდინარე არაგოსის ვიწრო ხეობაში, დაახლოებით ოთხი დღის [სავალი], ხოლო გზის ბოლო ძნელად ასაღები კედლით არის გამაგრებული“ (ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, 1957, გვ. 129).
ქართ. წყაროების მიხედვით, ა. ხ-ის მთიანი ნაწილი წმ. ნინოს (IV ს.) ადრეული სამისიონერო მოღვაწეობის სფერო იყო. ადრინდ. ფეოდ. ხანიდან ა. ხ-ში შედიოდა რამდენიმე თემი: ფხოვი (ფშავ-ხევსურეთი), გუდამაყარი (გუდამაყრის ხევი), ხადა (თეთრი არაგვის ჩრდ-ით მდებარე ტერიტ., მას წილკნის თემიც ეწოდებოდა), ცხავატი -– ტერიტორია სოფ. ქვეშეთის სამხრ-ით, მთიულთკარამდე (შემდეგში სოფ. ხამუშა). ხადა-ცხავატი შეადგენდა მთიულეთს. ხეობის ნაწილს მთიულთკარის სამხრ-ით, დაახლ. ანანურამდე, ეწოდებოდა ჭართალი, ხოლო მის სამხრ-ით ვრცელ თემს – ბაზალეთი, რ-იც სამუხრანომდე აღწევდა. ხეობის სამხრ.-აღმ. ნაწილი (არაგვის მარცხ. ნაპირი) შეადგენდა წობენისა და ხერკის ანუ საგურამოს თემებს. საეკლ. დაქვემდებარების თვალსაზრისით ა. ხ. წილკნისა და ხარჭაშოს საეპისკოპოსოში შედიოდა, ადმინისტრაციულად კი – ქართლის საერისთავოში, რ-საც მონღოლთა ბატონობის შემდეგ გამოეყო არაგვის საერისთავო. XV ს-იდან ის სათავადოდ გადაიქცა. ა. ხ-ში XI–XIII სს-ში განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია ქ. ჟინვანმა (ჟინვალი), რ-იც ამ რ-ნში სამეფო ხელისუფლების დასაყრდენი იყო. ა. ხ. არაერთხელ ყოფილა როგორც ჩრდ-იდან, ისე სამხრ-იდან შემოსულ დამპყრობლებთან ბრძოლის ასპარეზი. იგი ავბედობის დროს ქართლის ბარის მცხოვრებთა თავშესაფარიც იყო.
1801-იდან, ქართლ-კახეთის რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, ა. ხ-ზე გამავალი გზის მნიშვნელობა გაიზარდა. მოსახლეობას დაეკისრა გზის შეკეთება-გაფართოების სამუშაოები, ჯარის სურსათითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მძიმე ბეგარამ მთიულეთის მოსახლ. აჯანყება გამოიწვია (იხ. მთიულეთის აჯანყება 1804).
XIX ს. დასაწყისში ა. ხ-ით საქართვ. სამხ. გზის მშენებლობა დაიწყეს. XIX ს-ში ა. ხ. ადმინისტრაციულად შედიოდა დუშეთის მაზრაში. ახლანდ. ადმ. დაყოფით ამ ტერიტ. უმეტესი ნაწილი დუშეთის, ყაზბეგისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში შედის.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, [ტ.] 5; მისივე, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983; გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.
ჯ. გვასალია