არქეოპოლისის ბრძოლა 551, ბრძოლა ბიზანტიელ-ეგრისელებსა და ირანელებს შორის ეგრისის დიდი ომის (542–562) დროს. პეტრასთან დამარცხების შემდეგ ეგრისში ირანელთა დამატებითი დიდი ჯარით მოსულმა სარდალმა მერმეროემ გადაწყვიტა ეგრისის დედაქალაქის ციხე-გოჯის ანუ არქეოპოლისის (ახლანდ. ნოქალაქევი) აღება. ირანელებს აქ საბირთა ტომის დამხმარე ოთხათასიანი რაზმიც შეუერთდა. ბიზანტიელებს კი არქეოპოლისის ციხე-ქალაქის დასაცავად სამი ათასი კაცი ჰყავდათ, ხოლო მთავარი ძალებით ფასისის (რიონის) შესართავთან იყვნენ დაბანაკებული. მერმეროემ ეს რომ შეიტყო, შეეცადა ჯერ ესენი გაენადგურებინა, რომ არქეოპოლისის ალყისას ზურგში არ დასცემოდნენ, მაგრამ ბიზანტიელებმა ბრძოლას თავი აარიდეს და ლაშქარი ნავებით ფასისის მეორე მხარეს გადაიყვანეს. ირანელები იძულებული გახდნენ გამობრუნებულიყვნენ და არქეოპოლისს გარშემოდგომოდნენ. ციხე-ქალაქს ორი კარი ჰქონდა: ქვემო კარი შედარებით მისადგომი და ზემო – ძნელად მისასვლელი. მერმეროემ ზემო კარის ზღუდის ასაღებად დოლომიტების მთიელი ტომის დაქირავებული მეომრები გაგზავნა, ხოლო თვითონ მთელი დანარჩენი ჯარით, სპილოებითა და მსუბუქი სატყორცნი მანქანებით შეიარაღებული საბირებით ქვემო კარისაკენ გაეშურა. ბიზანტიელები დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ აქაც და ზემო ზღუდესთანაც. ამიტომ მოულოდნელად ქვემო კარიდან გამოიჭრნენ და მტერს ეკვეთნენ. თავზარდაცემულმა ირანელებმა უწესრიგოდ დაიხიეს უკან, ამ ბრძოლაში ოთხი ათასი კაცი დაკარგეს, მ. შ. სამი სარდალი და ოთხი დროშა, რ-ებიც გამარჯვებულებმა იმპ. იუსტინიანე I-ს გაუგზავნეს კონსტანტინოპოლში.
წყარო: პროკოპი კესარიელი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ა. ბოგვერაძე