არქივი

არქივი (ლათ. archivum < ბერძნ. archeion – საკრებულო დაწესებულება), დამოუკიდებელი დაწესებულება ან დაწესებულების განყ-ბა, რ-ის ძირითადი დანიშნულებაა დოკუმენტური მასალების მიღება-აღრიცხვა, დაცვა-შენახვა, დამუშავება (სისტემატიზაცია, აღწერა, სამეცნ.-საცნობარო აპარატის შედგენა) და მათი გამოყენების ორგანიზაცია მეცნ., პრაქტ. და კულტ. მიზნებისათვის. ტერმ. „არქივი.“ იხმარება აგრეთვე წარმოშობით ან ხასიათით ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალების კომპლექსის მნიშვნელობით (მაგ., „1832 წლის შეთქმულების ა.“, „დეკაბრისტების ა.“) ან დოკუმენტურ მასალათა კრებულების, სერიებისა და პერიოდულ გამოცემათა აღსანიშნავად (მაგ., „დ. ყიფიანის ა.“ და ა. შ.). ქართულში ძველად „არქივს“ ესადაგებოდა ტერმინები „დივანი“, „საჭურჭლე“, „გოდორი“, „დავთარხანა“. -ებში ინახება ისტ. პირველწყაროები, დაწესებულება-ორგანიზაციათა, საწარმოთა და ცალკე პირთა მუშაობის პროცესში შექმნილი დოკუმენტური მასალა.ა. ასახავს ამა თუ იმ ეპოქაში არსებულ სოც.-ეკონ. და იდეოლოგიურ ურთიერთობას.

ძვ. საქართველოში -ების, როგორც საქმიანი ქაღალდებისა და საბუთების საცავის, არსებობა უდავოა. მათ არსებობას ადასტურებს ჩვენამდე მოღწეული მრავალი წერილობითი ძეგლი, V ს-იდან მოყოლებული. პროკოპი კესარიელის ცნობით, ლაზიკის მეფის დესპანები ლაზიკასა და ირანს შორის ძვ. დროიდან არსებული მეგობრული დამოკიდებულების დასამტკიცებლად იმოწმებდნენ ამ ორი ქვეყნის მიმოწერის შემცველ საბუთებს, რ-ებიც ინახებოდა როგორც ლაზიკაში, ისე სპარსეთში. უკვე X–XI სს-იდან სამეფო კართან არსებობდა თანამდებობა მწიგნობართუხუცესის ხელქვეითი მოხელისა, განსაკუთრებული მწიგნობრისა, რ-საც ევალებოდა სააღწერო დოკუმენტების, შემოსავლის დავთრებისა და, საერთოდ, ყოველგვარი სახელმწ. აქტის დაცვა-შენახვა. მემატიანე სტეფანოზ ორბელიანის ცნობით, თბილისში XIII ს-ში, მონღოლთა ბატონობის ხანაში, არსებობდა სახელმწ. ა. – დავთარხანა, სადაც მოსახლ. აღწერის დოკუმენტები, შემოსავლის დავთრები და სხვა საბუთები ინახებოდა. XIV ს. ღირშესანიშნავ ძეგლში – „ჴელმწიფის კარის გარიგებაში“ საბუთებისა და სხვა ხელნაწერთა საცავად მოხსენიებულია „გოდორი“, რ-იც ჩვეულებრივად ზარდახანაში იყო ხოლმე მოთავსებული და რ-საც ზარდახანის მწიგნობარი და ე. წ. მეგოდრე განაგებდნენ. საქართველოში ა. რომ სახელმწიფო დაწესებულება იყო და შიგ ყოველგვარი გარიგების წიგნები, დავთრები და საბუთები ინახებოდა, ამას 1750–60 თუ 1780 „ქიზიყის გამოსავლის დავთარიც“ ადასტურებს (ჯავახიშვილი ივ., ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, 1926, გვ. 27). ეს ა. 1795 აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაიღუპა.

სახელმწ. -ის გარდა საქართველოში არსებობდა საეკლ.-სამონასტრო -ები, სადაც დაცული იყო საეკლ. დოკუმენტები, გარიგების დავთრები, საეკლ. მამულთა და ყმათა სიები, წყალობისა და შეწირულების სიგელ-გუჯრები, ხელნაწერი წიგნები და სხვ. კერძო (პირადი, საოჯახო, საგვარეულო) -ები ჰქონდათ დიდ ფეოდალებს – მთავრებს, დიდგვაროვან აზნაურებს, თავადებს, რ-ებიც დაინტერესებული იყვნენ დაეცვათ და შეენახათ თავიანთი უფლებრივი თუ წოდებრივი მდგომარეობის დამამტკიცებელი საბუთები. 1801 წლის შემდეგ საქართვ. საარქივო საქმის განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. შეიქმნა მრავალი დაწესებულება-ორგანიზაცია, საკანცელარიო მიმოწერის შედეგად დაგროვდა დიდძალი დოკუმენტური მასალა. ამ მასალების შესანახად დაწესებულებებში მოეწყო სპეც. საცავები, სადაც აგრეთვე თანდათანობით დაგროვდა ძვ. ქართვ. მეფეების დროინდელი საბუთებიც, რ-ებიც ახ. (რუს.) ხელისუფლების მოთხოვნით მოქალაქეთა მიერ ქონებრივი და წოდებრივი უფლების დასამტკიცებლად იყო წარდგენილი.

თბილისში არსებობდა საქართვ. უმაღლესი მთავრობის საერთო საკრებულოს (1801–38), ამიერკავკ. მთავარმმართველის კანცელარიის (1801–46), კავკ. მეფისნაცვლის კანცელარიის (1845–58, 1905–17), კავკ. არმიის მთავარი შტაბის (1815–65), ტფილისის გუბ. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს (1817–1917), კავკ. მეფისნაცვლის დიპლ. კანცელარიის (1829–68), კავკ. სამხ. ოლქის შტაბის (1865–1917), ამიერკავკ. სამოქალაქო სამმართველოს უფროსის კანცელარიის (1842–59), კავკ. სამოქალაქო ნაწილის მთავარუფროსის მთავარი სამმართველოს კანცელარიის (1859– 83), კავკ. სამოქალაქო ნაწილის მთავარ-უფროსის კანცელარიის (1883–1905), ტფილისის საზ. მმართველობის (1840–1921), ტფილისის საგუბერნიო მმართველობის (1802–1919) და სხვ.-ები. შეიქმნა საუწყებო -ები: ამიერკავკ. სასწავლო დირექციის (1831–50), კავკ. სასწ. ოლქის მზრუნველის კანცელარიის (1849–1919), საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის (1814–1917), ეგზარქოსის კანცელარიის (1811–1917) და სხვ., რ-ებიც იდგნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტ. სამსახურში. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ (1879–1927), საქართვ. საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების (1907–31), საქართვ. საეკლ. მუზეუმის (1888–1926) -ები კი ემსახურებოდნენ ქართ. ეროვნ. კულტ. აღორძინება-დაცვას. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოში კავკ. არქეოგრაფიული კომისიის დაარსება (1864–1918), რ-იც გადაიქცა თავისებურ საარქივო ორგანიზაციად საქართველოში. მან მთავრობას არაერთხელ (1886, 1894, 1896) წარუდგინა სპეც. მოხსენება და პროექტი კავკ. ტერიტორიაზე არსებული -ების თბილისში თავმოყრის თაობაზე; 1906 და 1916 მოითხოვდა „კავკასიის ცენტრალური არქივის“ დაარსებას თბილისში, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედებდა დამფუძნებელი კრების (1919–21), სენატის (1919–21), შინაგან საქმეთა სამინისტროს (1918–21), მიწათმოქმედების სამინისტროს (1918–21), საფინანსო, სავაჭრო და სამეურნეო სამინისტროს (1918–21), განათლების სამინისტროს (1918–21) -ები. საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობამ საფრანგეთში გაიტანა დიდძალი საარქივო მასალა, სადაც 1921-იდან ამ -ს განაგებს საგანგებო კომისია, მაგრამ -ის მოსავლელად საჭირო სახსრებისა და ტექნიკური პირობების უქონლობის გამო 1974 წ. 16 ივლ. სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ა. მოსავლელად და შესანახად დროებით გადაეცა ჰარვარდის უნ-ტის (აშშ) წიგნთსაცავს, კომისია კი კვლავ მისი ბატონ-პატრონია. პროფ. გიორგი ნაკაშიძემ მოახდინა -ში დაცული მთელი მასალის კლასიფიკაცია და ინგლ. ენაზე შეადგინა სრული კატალოგი. მისივე მეთვალყურეობით ამერ. სპეციალისტებმა გაწმინდეს და აღადგინეს დაზიანებული საბუთები. ჰარვარდის უნ-ტში შეიქმნა დოკუმენტების მიკროფილმირებული ასლი. მთელი აღდგენითი სამუშაოები დამთავრდა 1978. მიკროფილმების ერთი ცალი 1988-მდე პარიზის უნ-ტის წიგნსაცავშიაც არსებობდა. ამ წელს საზღვარგარეთ არსებულმა საარქივო კომისიამ (თავ-რე ვიქტორ ხომერიკი) ქართვ. საზოგადოებრიობის თხოვნით საქართველოს გადმოსცა ამ არქივის მიკროფირების სრული კრებული (თბილისში ჩამოიტანა გაეროს განათლების, მეცნ. და კულტ. ორგანიზაციის თანამშრომელმა ზ. გელეყვამ 1988 წ. 14 ივლ.); ასლების კრებულში (205 მიკროფირი, აკლია უკანასკნელი 3 ფირი) წარმოდგენილია საქართვ. ს.-დ. მუშათა პარტიის (1893–1921), საქართველოს დემოკრ. რესპ. მთავრობის (1918–21) და ემიგრაციაში მყოფი მთავრობის (1921-იდან) საარქივო მასალები. -ების ორიგინალები, ქართ. ემიგრაციის უფროს თაობასა და ჰარვარდის უნ-ტს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, უნდა იყოს დაცული 2004 წლამდე პარიზის უნ-ტში, შემდეგ კი (სხვა თავმოყრილ ისტ. მასალებთან ერთად) უნდა დაუბრუნდეს სამშობლოს. საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი მიკროფირები დაბინავდა საქართვ. საისტ. ცენტრ. სახელმწ. -ში.

საქართვ. რევკომმა 1921 წ. 1 ივლ. მიიღო დეკრეტი „საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ“, შეიქმნა ერთიანი საარქივო სისტემა (ცენტრ.ა.), რ-ის რეორგანიზაცია მოხდა 1926, 1939, 1960. საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა საარქივო სამმართველო, რ-საც 1972 ეწოდა მთავარი საარქივო სამმართველო, 1991-იდან – საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მემატიანე“. მას ექვემდებარება:

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საისტორიო სახელმწიფო არქივი (თბილისი).

საქართველოს რესპუბლიკის უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (თბილისი).

საქართველოს რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი (თბილისი).

საქართველოს რესპუბლიკის კინო-ფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი (თბილისი).

საქართველოს რესპუბლიკის სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (თბილისი).

აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (სოხუმი; ფილიალებია: გაგრის, ტყვარჩელის საქალაქო სახელმწ. -ები, გალის, გულრიფშის, ოჩამჩირის რაიონული სახელმწ. -ები).

აჭარის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (ბათუმი; ექვემდებარება აჭარის მინისტრთა საბჭოს და სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „მემატიანეს“), ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს რაიონული სახელმწ. -ები.

ცხინვალის ცენტრალური სახელმწიფო არქივი.

ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი.

საქართველოში არსებობს კიდევ საქალაქო (თბილისის საქალაქო არქივი, რუსთავის, ტყიბულის, წყალტუბოს, ფოთის, ჭიათურის) და სარაიონო (აბაშის, ადიგენის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბაღდათის, ბოლნისის, ბორჯომის, გაგრის, გარდაბანის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ხონის) -ები.

ლიტ.: დათუაშვილი დ., საარქივო საქმის ისტორია საქართველოში, თბ., 1977;  ჩ ხ ე ტ ი ა  შ., არქივები ძველ საქართველოში, თბ., 1975.

ა. კოხრეიძე

შ. ჩხეტია