არქიტექტორთა კავშირი საქართველოსი, საქართველოს რესპუბლიკაში არქიტექტურის ყველა სფეროში მოღვაწე სპეციალისტების ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. შემოქმედებით-ორგანიზაციული თვალსაზრისით აგრძელებს საქართვ. არქიტექტორთა წინამორბედ ორგანიზაციათა ტრადიციებს [კერძოდ, 1931 ჩამოყალიბდა „საქართველოს პროლეტარულ არქიტექტორთა ასოციაცია“ („საპარა“), რ-იც 1934 გარდაიქმნა „საქართველოს საბჭოთა არქიტექტორთა კავშირად“], არის მათი უფლებამემკვიდრე, მოქმედებს 1992 წ. 21 აგვ. რეგისტრირებული წესდების საფუძველზე (ცვლილებებით). ხელს უწყობს ქართ. არქიტექტურაში შემოქმედებითი მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალობის დამკვიდრებას; არქიტექტურული საქმიანობის ყველა ორგანიზაციული ფორმის თანასწორუფლებიანობას. ა. კ. გამოხატავს საქართვ. რესპუბლიკის არქიტექტორების პროფ., სამართლ., ეკონ. და სოც. ინტერესებს სახელმწიფოებრივ და საერთაშ. დონეზე. ა. კ-ის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რ-იც ტარდება სამწლიანი პერიოდულობით; საერთო კრებებს შორის – გამგეობა ა. კ-ის თავ-რის მეთაურობით. 1995 აირჩიეს საწესდებო-სარევიზიო კომისია, ჩამოყალიბდა ახ. განყ-ბები (ეკონ. საბჭო, პროფ. ეთიკისა და საავტორო უფლებების კოლეგია და სხვ.). ა. კ-ში მოქმედებს შემოქმედებით-საწარმოო გაერთიანება „არქფონდი“, არქიტექტორთა სპეციალიზებული ორგანიზაციები. ა. კ-ის ტერიტ. ორგანიზაციები ჩამოყალიბებულია აფხ. და აჭარის ავტონ. რესპუბლიკებში, ქუთაისში. ა. კ-ს აქვს შემოქმედებით-დასასვენებელი სახლები გაგრაში, ბათუმში, წყნეთში, კიკეთში. 1993 ა. კ. ითვლიდა 900-ზე მეტ წევრს. 1988 წ. 14–20 ნოემბ. თბილისში ჩატარდა არქიტ. საერთაშ. ბიენალე.