არღუნის არქეოლოგიური ძეგლები

არღუნის არქეოლოგიური ძეგლები, ძვ. წ. VI–V სს. ნამოსახლარი და სამაროვანი სოფ. არღუნის (დუშეთის მუნიციპ.) ჩრდ.-დას-ით 2 კმ-ზე. გაითხარა 1985–86 (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარცხ. გვერდზე თავით სამხრ-კენ (ქალები) ან მარჯვ. გვერდზე თავით ჩრდ-კენ (მამაკაცები). სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაული (საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები, ჭვირული ბალთა, სარდიონისა და ქარვის მძივები) და რკინის საბრძოლო იარაღი.

სამაროვნის ჩრდ.-დას-ით გამოვლინდა ნამოსახლარი. 1 მ სიგანის კედლები ნაგები ყოფილა კლდის ქვითა და ტალახით. გამოიყოფა 2 სამშენებლო დონე. აქვე დადასტურებულია ქვაფენილის ნაშთი.

სამაროვნის ახლოს სამხრ.-აღმ-ით შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების გალავნისა და ეკლესიის ნაშთი.

ლიტ.: М у х и г у л а ш в и л и  Н. З., Аргунский могильник, კრ.: Археологические открытия 1985 года, М., 1987.

ნ. მუხიგულაშვილი