არყი, არყის ხე (Betula), მერქნიან მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. სწორ-, მრუდე- ან გართხმულღეროიანი ხეებია, იშვიათად ბუჩქები. გვარში 130-მდე პოლიმორფული სახეობაა, უმეტესობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყლებში, ზოგი-სუბტროპიკების მთებში, ზოგი კი – ტუნდრაში. საქართველოში ბუნებრივად ა-ის 5 სახეობა იზრდება; მათგან ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ლიტვინოვის ა. (B. litwinowii), განსაკუთრებით ხშირია კავკასიონსა და სამხრ. მთიანეთის ჩრდ.-დას. კალთებზე. სუბალპ. ტანბრეცილი ტყეების ერთ-ერთი ძირითადი ედიფიკატორია; მედვედევის ა. (B. medwedewii) და რადეს ა. (B. raddeana) კავკასიის ენდემებია. პირველი გავრცელებულია აჭარა-გურიის მთის ზედა და სუბალპ. სარტყლის ტყეებში; კოლხეთის ენდემია მეგრული ა. (B. megrelica). გვხვდება სამეგრელოსა და შესაძლოა სვანეთის მთებშიც; მეჭეჭიანი ა. (B. verrucosa – B. pendula) გავრცელებულია ტყის შუა და ზედა სარტყელში. შუა სარტყელში ხშირად შერეულია ლიტვინოვის ა-თან, ასეთ ადგილებში ხშირია მათ შორის გარდამავალი ფორმები. საქართვ. შავი ზღვის სანაპიროზე (ბათუმი, სოხუმი) ინტოდუცირებულია ა-ის 11 სახეობა.
ა. სინათლის და ტენის მოყვარულია, ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს (არყნარებს) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში, კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.
ვ. მათიკაშვილი