არყის სოკო (Piptoporus betulinus), სახეობა აბედა სოკოების ოჯახისა. მისი ნაყოფსხეული ერთწლიანია, 20 სმ-მდე დიამეტრის. ბალიშის ან ცხენის ჩლიქის ფორმისა, ზოგჯერ წაგრძელებული. ჯერ მოთეთრო, შემდეგ მოყვითალო ღია მურა ფერამდე. ქვედა მხარეს მრგვალი მილების შრე აქვს. იზრდება მხოლოდ არყის ხეზე ზაფხულ-შემოდგომით. საქართველოში ყველგან არის გავრცელებული ტყის ზედა საზღვარზე. გამხმარი ნაყოფ-სხეულის რბილობი კორპისებრია. ძველად საქართველოში მისგან სათამაშო ბურთებს თლიდნენ. საჭმელად უვარგისია.
ი. ნახუცრიშვილი