არყისციხე

არყისციხე, ციხე ისტ. სოფ. არყისციხეში (ახლანდ. ყულალისი, ახალციხის მუნიციპ.). ა. მდგარა ბორბოლისხევის მაღალ, კლდოვან ნაპირზე. ციხის აქ აშენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აქ გადადიოდა გზა ბორბოლისხევით ფოცხოვისა და არტაანისკენ; ა., როგორც ჩანს, ფეოდალურ ხანაში მუდამ მოქმედი იყო „მატიანე ქართლისა“ მოგვითხრობს, რომ XI ს-ში ბაგრატ IV-ის ერთგულმა სულა კალმახის ერისთავმა და გრიგოლ არტანუჯის ერისთავმა მეფეს ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ მოუხმეს. მათ მიემხრნენ სხვა მესხი აზნაურებიც. ბაგრატმა გადმოიარა რკინისჯვრის უღელტეხილი (ზეკარი) იმერეთ-სამცხის საზღვარზე და -ში შეხვდა მოკავშირეებს. 1047 კახელებისა და ბერძენ-სომეხთა დამხმარე ლაშქრით ლიპარიტი მოულოდნელად თავს დაესხა მეფეს და -თან ბრძოლაში დაამარცხა იგი; სულა კალმახის ერისთავი და გრიგოლ აბუსერისძე ტყვედ ჩაცვივდნენ. ამ გამარჯვებით ლიპარიტმა ზემო ქართლის დაპატრონება შეძლო. XII–XIII სს. ერთი ხელნაწერის ანდერძი გვამცნობს, რომ წიგნი, თქმული გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ, წარმოუგზავნია მესხ აზნაურს, არყისციხელ გაბას, რ-იც -ის პატრონი უნდა ყოფილიყო ამ დროს. წიგნი აღუწერია გაბას მამის ბიძას, საფარის წინამძღვარს ეფრემს. სოფ. არყისციხე „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (XVI ს.) მიხედვით, იხსენიება ახალციხის ლივის ჩილდირის რ-ნში. ამ დროს ციხე აღარ ფუნქციონირებდა, ხოლო ბორბოლისხევის გზას ხევის ზედა წელში ჩადგმული ორალის ციხე აკონტროლებდა.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; 

ლიტ.: სიხარულიძე ი., ყულალისი-არყისციხე, კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქიტექტურული ძეგლები, ნაწ. 1, თბ., 1980.  ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.

დ. ბერძენიშვილი