არჩილ სტეფანოზის ძე, ქართლის ერისმთავარი VIII ს-ში, „ქართლის ცხოვრებაში“ (ჯუანშერი) იხსენიება მეფედ. იმავე წყაროს ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისიც, ხოლო აფხ. ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი გახდა VIII ს. 30-იან წლებში ა. თავის უფროს ძმასთან მირთან ერთად მონაწილეობას იღებდა ანაკოფიის ბრძოლაში მურვან ყრუს წინააღმდეგ. იმავე წყაროში ა. ს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რ-ითაც მან ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადასცა სამკვიდროდ და სამამულოდ, ხოლო ნახევარი სამეფო საკუთრებად დაიტოვა. შემდეგ ა-მა თავის ტაძრეულებს კახეთში უბოძა მიწები და „აზნაურ ყვნა იგინი“, ა-ს ჯუანშერი მიაწერს ეკლესიის, ციხეებისა და ციხე-ქალაქის შენებას ჰერეთ-კახეთში, მას იძულებით მოუნათლავს ქრისტიანებად ნუხპატელები. ა. წამებით მოკლა არაბთა დამსჯელი რაზმის სარდალმა ასიმმა, რადგან უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე. მისი წამების ამბავი VIII ს-შივე დაიწერა, ხოლო XI ს-ში გადაამუშავა და განავრცო ლეონტი მროველმა.
წყარო: ლეონტი მროველი, წამება წმიდისა და დიდებულის მოწამისა არჩილისი..., წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ა. ბოგვერაძე