დათუნა არაგვის ერისთავი 1632–34. ნუგზარ ერისთავის ძე. არაგვის ერისთავი მას შემდეგ გახდა, რაც თეიმურაზ I-ის ბრძანებით დათუნას უფროსი ძმა ზურაბი მოკლეს. დათუნამ თავიდანვე ქართლში მოსული როსტომხანის (იხ. როსტომი) საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. არაგვის ერისთავს ქართლის ვალის შურისძიების ეშინოდა, რადგან თავის დროზე დათუნას ძმამ, ზურაბმა როსტომის ძმისშვილი, სიმონხანი მოკლა. მიუხედავად ამისა, როსტომ-ხანმა დათუნასთან კარგი ურთიერთობის დამყარება სცადა, მაგრამ დათუნა მაინც მის მოწინააღმდეგედ და თეიმურაზ I-ის მოკავშირედ რჩებოდა. როსტომ-ხანმა დათუნა მუხრანში მიიპატიჟა და ნადიმის დროს მოაკვლევინა, რის შემდეგაც არაგვის ერისთავი გახდა მისი უმცროსი ძმა ზაალი.
წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ცხოვრება საქართველოჲსა (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980.
მ. ბახტაძე