არხოტის ჯვარი

არხოტის ჯვარი, არხოტის ხეობის (პირიქითა ხევსურეთი, დუშეთის მუნიციპ.) მთავარი სათემო ღვთაება (ჯვარი), რ-საც ქრისტიანობის გავლენით მიქელ მთავარანგელოზსაც უწოდებენ. ა. ჯ. თემის მფარველ, მოლაშქრე ღვთაებად ითვლებოდა. მორწმუნეთა წარმოდგენით, ღვთაების დამხმარე ზებუნებრივ არსებებთან – ლაშქარ-მწევრებთან ერთად ა. ჯ. უშუალოდ მონაწილეობდა ბრძოლებში და თავის საყმოს ამარჯვებინებდა. მის ძირითად (უნჯ) ყმებად სოფ. ახიელში მცხოვრები ჯაბუშანურები ითვლებოდნენ. ამავე გვარისა იყო ჯვრის ხელოსანიც (ხევისბერი). ა. ჯ-ის მოძმე ღვთაებებად მიაჩნდათ ანატორის ჯვარი და ხონეს მთავარანგელოზი.

ლიტ.: Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957.

თ. ოჩიაური