არჯევნიშვილი მარიამ (მარო) ალექსის ასული (11. III. 1919, სოფ. ენისელი, ახლანდ. ყვარლის რ-ნი, – 25. XII. 1958, თბილისი, დაკრძალულია გრემის მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში), ხალხური მომღერალი, ლოტბარი, ფანდურზე დაკვრის ვირტუოზი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1951). 1939 ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ყვარლის რ-ნის ეთნოგრ. გუნდს, რ-ის რეპერტუარი მოიცავდა ძვ. კახურ სიმღერებს. პარალელურად ა. ეძებდა, კრებდა და იწერდა ხალხ. სიმღერების საინტერესო ვარიანტებს (ჩაწერა 100-ზე მეტი სიმღერა), ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. 1941–43 ა. მუშაობდა თბილისში, მოგზაური სათეატრო ანსამბლის (დ. კობახიძის ხელმძღვანელობით) მუს. ნაწილის გამგედ. 1943–45 ყვარელში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა მის მიერ აღდგენილ ხალხ. სიმღერის გუნდს. 1945 იყო ხალხ. შემოქმედების სახლთან არსებული მეფანდურეთა ექსპერ. ანსამბლის ხელმძღვანელი. ა-მა დანერგა ქართ. ხალხ. საკრავების – ფანდურის, სალამურის, ჭუნირის, დაირის, ჩონგურის ანსამბლური გამოყენება. 1947-იდან პარალელურად იყო საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის აღმ. საქართველოს ხალხ. საკრავების ჯგუფის ხელმძღვანელი. ა-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. ხალხ. სიმღერის დახვეწისა და ქართ. ხალხ. საკრავების მდიდარი, თვითმყოფი ჟღერადობის შენარჩუნების საქმეში.
გ. ჩხიკვაძე