ასათიანი არჩილ ვლადიმერის ძე (28. IV. 1933, თბილისი, – 29. IV. 2007, იქვე), ფიზიოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1973). 1956 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1973–86; 2004–07 იყო ამავე ინ-ტის ნორმალური ფიზიოლ. კათედრის პროფესორი. 1975–85 იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში, 1987–2004 – კათედრის გამგე. 1985–91 – ინ-ტის რექტორი.
ა. შეისწავლიდა ნეიროფიზიოლ. და გასტროენტეროლოგიის საკითხებს, კვებითი მოქმედების ნეირო-ჰუმორულ სარეგულაციო მექანიზმებს; თავის ტვინის ღეროს ბადებრივი სტრუქტურების როლს კუჭის სეკრეციული მოქმედების განხორციელებაში; ჰიპოთალამუსის კვების ცენტრების ფუნქციური ორგანიზაციის თავისებურებებს და ნუშისებრი კომპლექსის ბირთვების როლს კვებითი მოქმედების რეგულაციაში; გამოიკვლია აგრეთვე სიმაძღრის ჩამოყალიბების ნეიროჰუმორული მექანიზმები და სხვ.
თხზ.: ძაღლის თავის ტვინის ღეროსა და ქერქის ლიმბური არის ზოგიერთი სტრუქტურის გაღიზიანების გავლენა კუჭის სეკრეციულ მოქმედებაზე, «საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე», 1961, ტ. 26, № 4; Роль интерорецепции желудка в механизме насыщения, Труды I всесоюзного симпозиума «Физиологические механизмы голода и насаыщения, Труды 1 всесоюзного симпозиума «Физиологические механизмы голода и насыщения». г. Тбилиси, 25 – 27 сентября 1985 г., Тб., 1987.