დათუნა (დავით) ქსნის ერისთავი, (გ. 1717), ერისთავი 1675– 96, 1700 –17, შალვა ქსნის ერისთავის ძე. ცოლად ჰყავდა ქართლის მეფის, გიორგი XI-ის, ასული.
1675 გიორგი XI-მ, რ-იც იმ დროს ქართლს განაგებდა, გააძევა აჯანყებული იესე ქსნის ერისთავი და მის ადგილზე დათუნა დანიშნა. 1688 დ. ქ. ე. არ დაეხმარა გიორგი XI-ს აჯანყებული გიორგი არაგვის ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლაში. არაგვის ერისთავი მაინც დამარცხდა და მეფის კარზე მივიდა პატიების სათხოვნელად, მაგრამ დ. ქ. ე-ის წაქეზებით მეფესთან არ შესულა, ისე გაიპარა.
ქართლში ერეკლე I-ის გამეფებიდან (1688) დ. ქ. ე. ხან ერეკლე I-ს ემხრობოდა და ხან გიორგი XI-ს. 1696 ერეკლე I-მა დ. ქ. ე. გადააყენა და გიორგი XI-ის სხვა მომხრეებთან ერთად ირანში გაგზავნა. ერისთავად დ. ქ. ე-ის ბიძაშვილი დავითი (იხ. დავით ქსნის ერისთავი ) დანიშნა. 1700 დათუნას დედის წაქეზებით ქსნისხეველები აჯანყდნენ და დავით ქსნის ერისთავი მოკლეს. ერეკლე I-მა აჯანყება ჩააქრო, ირანიდან გამოიწვია დათუნა და კვლავ ერისთავად დანიშნა (1700).
ვახტანგ VI-ის ქართლის გამგებლად დანიშვნის შემდეგ, როგორც ჩანს, დ. ქ. ე. ერთხანს ვახტანგის ერთგული იყო, შემდეგ მას გადაუდგა და გიორგი არაგვის ერისთავთან ერთად შაჰს ვახტანგის გადაყენება და იესეს მეფედ დანიშვნა სთხოვა. იესეს მეფობაში (1714–16) დ. ქ. ე. ქართლის მეფის სახლთუხუცესი იყო.
1717 მეფე ბაქარმა სახლთუხუცესობა ჩამოართვა. დ. ქ. ე. მეფეს გადაუდგა. ბაქარმა თავისი ძმა ვახუშტი ბატონიშვილი გაგზავნა ჯარით მის წინააღმდეგ, მაგრამ დ. ქ. ე. ბრძოლის დაწყებამდე გარდაიცვალა, მისი შვილები გადაიხვეწნენ და ქსნის საერისთავო ვახუშტიმ დაიკავა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.