ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი (ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი), დაარსდა 1971 სოფ. ბარდნალაში: პოეტის დამ მედეა ასათიანმა და მეუღლემ ანა ვაჩნაძემ უსასყიდლოდ გადასცეს მუზეუმს პოეტის მამისეული სახლი; დაახლ. 170 წლის ქართ. ოდა-სახლს, რ-იც წაბლის ხის ბოძებსა და დოშაყებზე დგას, გარს უვლის რიკულებიანი ღია აივანი. სახლის პირველ სართულზე მოწყობილია დიდი ოთახი („პალატი“) ბუხრითა და მარნით, სადაც დევს მამაპაპეული ხორგა, ჩაჭილა, ხაპი, ხის გობები, სპილენძის კარდალები, თიხის დოქები. ეზოში დგას „სახლის წინ ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი“, იქვე ახლოს მოსჩქეფს „გაცივებული ბინული“. ეზოში შემორჩენილია ლეჩხუმური ჯიშის ხეხილი: თურაშაული, აბილაური, ყინულა, შავი ქლიავი, ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი; ვენახშია პოეტის მამის – მექი ასათიანის საფლავი. პოეტის საწოლ ოთახში (რ-იც გადაჰყურებს ცხენისწყალს, ფანჯრიდან კი ჩანს ხვამლის მთა) დგას საწოლი ლადოსეული ბალიშითა და გადასაფარებლით, დგას ძველისძველი მაგიდა, რ-საც საწერ მაგიდად იყენებდა ყმაწვილი პოეტი; აქვეა მარმარილოს სამელნე, კალმისტარი, კუთხეში მოთავსებულია ლერწმის თარო ლადოსეული წიგნებით და ის ცისფერი სარწყული, რ-საც უძღვნა ლექსი („სარწყული“) და სხვ.
სახლ-მუზეუმში პირველი ექსპოზიცია 1971 ნ. აგიაშვილის კონსულტაციით მოამზადეს მ. ასათიანმა და ა. ვაჩნაძემ. 1984 სახლ-მუზეუმს გაუკეთდა რესტავრაცია და მიეცა ის პირვანდელი სახე, რ-იც სახლს პოეტის სიცოცხლეში ჰქონდა. მოეწყო ახალი ექსპოზიცია. სახლ-მუზეუმის ფონდში 400-მდე ექსპონატია. 1985-იდან სახლ-მუზეუმში ტარდებოდა სახ. დღესასწაული „ლადოობა“ (მაისის ბოლო კვირა); იგი ცაგერში დაწყებული სახ. დღესასწაულის „ცაგერობის“ (ყოველწლიურად აღინიშნებოდა 1985-იდან) გაგრძელება იყო.