ასათიანი ლადო (ვლადიმერ) მელქისედეკის ძე (14. I. 1917, ქუთაისი, – 23. VI. 1943, თბილისი), პოეტი.
დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა ჯერ ცაგერის სას.-სამ. ტექნიკუმი (1934), შემდეგ – ქუთაისის პედ. ინ-ტის ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1938). ქუთაისში გაატარა თავისი ყმაწვილკაცობა და აქვე გამოაქვეყნა პირველი ლექსები 1935–36 („ჩვენ კვლავ მოვედით“, „თებერვლის დილა“). ინ-ტის დამთავრების შემდეგ დასახლდა თბილისში. ა-მა უცბად მიიპყრო ფართო მკითხველი საზ-ბის ყურადრება. თავის პოეზიაში იგი ძალზე ახლოს მიდიოდა აღსაწერ საგანთან, თითქოს ეხებოდა მას, რის გამოც ეს საგანი იძენდა ნათელ კონკრეტულობას, გამოთქმის ხაზგასმულ სიცხადეს, მხატვრულ რელიეფურობას თუ მკითხველთან ინტიმურ მიმართებას. ა-ის ლექსებში არსებითად განდევნილია პოეტური მეტაფიზიკის ინვენტარი, განყენებული მხატვრული წარმოსახვა; აქ ყოველივე საგნობრივად კონკრეტიზებულია, ლოკალიზებულია და განპირობებულია ადგილის კოლორიტით. აქედან იღებს საწყისს ჟანრული თემების ოსტატური ჩანახატები („ცაგერის ბაზრობა“, 1940; „ნადირობის შემდეგ“, 1940; „პირველი მჭედლები“, 1941; „ორი საახალწლო“, 1942; „გულბაათ ჭავჭავაძე“, 1942). ამ ნახევრად პასტორალურ პოეზიაში, ლეჩხუმური სოფლის ყოფისა და სურათების გადმოცემისას („ლეჩხუმური სოფლის სურათები“, 1939; „ბაბუაჩემი“, 1938; „ბარდნალა“, 1940; „ნამკაშურის წისქვილები“, 1941), პოეტური ინტიმურობით აღიქმება ავტორის ადრეული ბავშვობის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ამ საფუძველზე წარმოიშობა ღრმად ფესვებგადგმული ეროვნ. გრძნობები. ა-ის პოეტური ჟანრული ფერწერისათვის და ამ სურათებში ჩართული ეროვნ. ნატურმორტისთვის ცაგერის ბაზრობის სცენები კარგი მოდელი აღმოჩნდა; ნაწარმოებში ნაკლებადაა დაცული „პერსპექტივა“, ფერწერულად ერთპლანოვანია. ა. პორტრეტული ჩანახატების ოსტატია, ი. ჯავახიშვილის, მ. ორბელიანის, ვ. ანჯაფარიძის თუ ავტოპორტრეტის ნიმუშები აღსავსეა ზუსტი პოეტური შტრიხებითა და პიროვნების გამომხატველი ტევადი მეტაფორებით; მის ლექსებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ფიროსმანის მეტყველმა, შინაგანი სულიერი მოძრაობით აღბეჭდილმა, მძაფრი მსოფლგანცდით აღსავსე ცოცხალმა პოეტურმა კონტურებმა („ფიროსმანის დუქანი“, „ფიროსმანის მეგობრებთან“, ორივე 1940). მან შექმნა და სხვა ქართვ. პოეტებთან ერთად ქართ. პოეზიაში შემოიტანა ფიროსმანის არტისტული პორტრეტი. უსახლკარო და ბედკრული მხატვრის ცხოვრებაში პოეტი საკუთარი უბედობის ანარეკლს ხედავდა, მასავით თბილისის „მარად ხიზნად“ მიაჩნდა თავი.
არსებობის სიხარული პოეტისთვის ის არის, რომ ქართველია. ეროვნ. შემართება, სამშობლოს ერთგულება, პატრ. სულისკვეთების ბედნიერი განცდის გამოხატვა მისი ლირიკის გულია. ა-ის პატრ. ლირიკას უფრო აღრმავებს და წარუშლელ იერს სძენს თემის ისტ. გააზრება, სამშობლოს წარსულისა და აწმყოს ერთიანი, ორგ. შეგრძნება („ლხინი კახელებთან“, 1938; „საქართველოში“ 1939; „საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი“, 1939; „სალაღობო“, „ანდერძი“, „კრწანისის ყაყაჩოები“, „თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო“, „ციხის სიზმარი“, ყველა 1940; „ცხრა ძმა ხერხეულიძე“, „ასპინძა“, პოემა „ბასიანის ბრძოლა“, სამივე 1942; „ქართული ენა“, 1943). სწორედ მისი ეს ხალასი და მძლავრი პატრ. განწყობილება გახდა პოეტის სიცოცხლეში მკაცრი კრიტიკის საგანი. მას ნაციონალისტობას სწამებდნენ, არაჯანსაღი განწყობილების გავრცელებას უკიჟინებდნენ, იდეური თვალსაზრისით უწუნებდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნულ პატრ. ლექსებს, არამედ მშვენიერ ლექსს „ალბომიდან“ (1939), შესანიშნავ „ცაგერის ბაზრობას“, ფიროსმანის ციკლს, პოემა „კოლხიდას“ (1939).
პოეტური გრძნობების ზესწრაფვით, ამაღლებული, ზეაწეული ტონით თუ წარსულის სურათების იდეალიზებით ა-ის დიდი წინამორბედი XIX ს. ქართვ. რომანტიკოსები იყვნენ; მაგრამ შემდგომში ა-ის მსოფლშეგრძნობა გართულდა; მასზე უშუალო ზემოქმედება მოახდინეს ქართვ. „ნეორომანტიკოსებმა“, ტ. ტაბიძემ; ა. რამდენიმე „ცისფერყანწელთა“ მხატვრულ პოზიციებს მიემხრო. ზოგჯერ თვით ეროვნ. განცდაც რომანტ. სულიერი იმპულსებით იყო გაჯერებული („კაფე რიონის პირად“, 1940; „მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას“, 1940; „წარწერა წიგნზე“, 1941; „სასაფლაო“, 1941; „ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად“, 1942). მისი პოეტური მსოფლშეგრძნობა განსაკუთრებით მკაფიოდ იკითხება ლექსში „სასაფლაო“, რ-იც საოცარი ჩვენებებით, ირაციონალური ხილვებითა და სიკვდილის მკვეთრი სიმბოლიკითაა აღბეჭდილი; აქ არის „უფლის ხელით“ შესრულებული უჩვეულო და საბედისწერო ნახატიც, სიკვდილის „შავი შიშის“ პოეტური პროექციაც, შემაძრწუნებელი ზმანებაც და, ამასთან, სიკვდილის მხნე, შეგნებული და გულისშემძვრელი შეგებებაც. ჭლექით შეპყრობილი პოეტის გამოსათხოვარი სიმღერა მის დაუშრეტელ სულიერ ძალებზე მეტყველებს.
ა. მძიმე პირობებში გარდაიცვალა. 25 წლის შემდეგ, 1968, გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. მთელი ამ ხნის მანძილზე და შემდგომაც ა-ის პოეზიამ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვეებზეც და შემდგომ თაობებზეც. მისი ლექსები თარგმნილია რუსულად (1953); მე-2 გამოც. – 1979.
თხზ.: რჩეული ლექსები და პოემები, თბ., 1956; რჩეული, თბ., 1971; ერთტომეული (შეადგინა მ. ასათიანმა), თბ., 1979; რჩეული (შეადგინა მ. ასათიანმა, წინასიტყვაობა მ. ლებანიძისა), თბ., 1986.
ლიტ.: აგიაშვილი ნ., ჭაბუკები დარჩნენ მარად, თბ., 1971; მისივე, პირად-პირადი, თბ., 1986; ასათიანი გ., პოეზია და პოეტები, თბ., 1963; მისივე, საუკუნის პოეტები, თბ., 1988; აფხაიძე შ., კრიტიკული წერილები, თბ., 1959.
გ. კანკავა