აბულის ციხე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფ. აბულის მახლობლად. პატარა აბულის მთის სამხრ. კალთაზე. 2670 მ. ზღვის დონიდან.
ადგილ. მოსახლეობასა და ლიტ-რაში ქოროღლის სახელითაცაა ცნობილი. მთის თხემსა და კალთებზე დარან-სამალავებია მოწყობილი. შუაში, მაღალ ადგილზე, გალავნიანი ციხეა, რ-ის მშრალად ნაწყობი კედლების სიმაღლე ზოგან 4 მ, სიგანე კი 3 მ აღემატება. გეგმით ოდნავ წაგრძელებული გალავნის (დაახლ. 60×40 მ) დას. მხარე მართკუთხაა, აღმ. – მომრგვალებული; ასევეა ბურჯებიც: 2 ნახევარწრიულია, 3 – ოთხკუთხა; გალავანში გასასვლელებით დაკავშირებული სხვადასხვა დანიშნულების ბევრი სადგომია. შესასვლელი ორია – დას. და აღმ. მხრიდან. ციხის ძირითად ნაწილს ჩრდ-ით, მთელ სიგრძეზე, გასდევს გარედან მიშენებული ერთიანი ვიწრო სათავსი. გალავნის გარეთ, აღმ. ფერდობზე, ტერასებად განლაგებული სადგომებია. ციხის სამხრ. მონაკვეთში წყაროა, რ-იც მეციხოვნეთა თავდაცვისუნარიანობას აძლიერებდა.
ა. ც. უძველესი დროიდანვე ზემო ჯავახეთის ერთ-ერთი უპირველესი ცენტრი უნდა ყოფილიყო. დიდ, მძლავრ და მიუვალ ციხეს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა: ციხის სამხრ-ით გადის გზა განძანიდან ხოსპია-ხერთვისისაკენ; მეორე გზა ფოკიდან მიემართება, იგი ციხეს ჩრდ-იდან გაუვლის და ჩადის სოფ. აბულში, შემდეგ კი უღელტეხილის ყორღანულ ველზე გადის. ა. ც., როგორც დასტურდება, წინაფეოდ. ხანაში აგებული სიმაგრეა და სამხრ. საქართვ. სხვა მსგავს ნაგებობებთან ერთად ისიც უნდა იგულისხმებოდეს ურარტული წარწერების „ციხესიმაგრეებში“. ციხის ნაგებობები შემდგომ წლებშიც არაერთხელ აღუდგენიათ და გამოუყენებიათ.
ლიტ.: ლომოური ნ., ძველი საქართველოს სავაჭრო გზების საკითხებისათვის, «ისტორიის ინ-ტის შრომები», 1958, ტ. 4, ნაკვ. 1; მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
დ. ბერძენიშვილი