ასათიანი მიხეილ იოსების ძე

ასათიანი მიხეილ იოსების ძე [1849, სოფ. ბაკურციხე, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 19 (31). XII. 1879, ქუთაისი], მწერალი და პუბლიცისტი. დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1870), ყაზანის სას. აკადემია (1874). მუშაობდა მასწავლებლად ქუთ. სას. სასწავლებელში, მონაწილეობდა ქართ. ხალხოსნურ მოძრაობაში. განიზრახა ქუთაისში ხალხოსნური ჟურნალის „იმედის“ გამოცემა, მაგრამ ცენზურის ნებართვა სიცოცხლეში ვერ მიიღო. ჟურნალი გამოვიდა მისი სიკვდილის შემდეგ და ამ ჟურნალში გამოქვეყნდა (1881–83) ა-ის ლექსები, მოთხრობები და სხვა ჟანრის თხზულებები. ა-ის თხზულებებში ასახულია ხალხოსნური ახალგაზრდობის მზადება საზ.-სალიტ. მოღვაწეობისათვის, მათი იდეალები და მისწრაფებანი, ქართვ. გლეხების უუფლებობა, დემოკრ. ინტელიგენციის მისწრაფება ეროვნ. ძალების კონსოლიდაციისაკენ („შიკრიკი“, „მტკვრის ბაასი რიონთან“). ამავე ჟურნალში გამოქვეყნდა მისი ავტობიოგრ. ხასიათის მოთხრობა „მე და ონისიმე“. ა-ის ლექსებში ჩანს ხალხოსანი მწერლის დამოკიდებულება ბურჟუაზიასთან („ოსეფას ანდერძი“). ამხელდა გაბატონებულ წრეებს, ეკლესიის ზოგიერთი მსახურის მანკიერებებს.

ლიტ.: ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, [ტ.] 3, თბ., 1955; კალანდაძე ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, წგ. 4, თბ., 1986.

ს. ხუციშვილი