ასათიანი ნინო ლევანის ასული

ასათიანი ნინო ლევანის ასული (დ. 1. VIII. 1935, თბილისი), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1959). ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1984). ავტორია ქალაქთგეგმარებითი განხორციელებული პროექტებისა: თბილისის „თემქის“ მიმდებარე ტერიტორიის (1961–64; ა. ჯიბლაძესთან ერთად), ნავთლუღის სამრეწვ. რ-ნის (1964; ი. კოჩინევასთან ერთად) დაგეგმარება-განაშენიანება და სხვ.

გამოავლინა და მეცნიერულად შეისწავლა მრავალი ახ. მასალა 20–30-იან წლებში საქართველოს ქალაქების (პირველ რიგში თბილისის) განვითარების, დაგეგმარებისა და განაშენიანების შესახებ და გამოაქვეყნა მონოგრაფიული ნაშრომი ამ საკითხებზე. 1973-იდან მუშაობს ქართული ხელოვნ. ისტ. ინ-ტში. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა და კრიტიკული სტატიებისა უახლესი და თანამედროვე ქართ. არქიტექტურის სხვადასხვა საკითხზე. 1986–90 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში.

თხზ.: Грузинское советское градостроительство 1920 – 30-х годов. Тб., 1989.

ს. კინწურაშვილი