ასათიანი როზეტა შალვას ასული

ასათიანი როზეტა შალვას ასული (24. VI. 1939, ქ. ქუთაისი, – 4. IV. 2019, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994). 1962 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1972–2006 იქვე ეწეოდა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას, იყო პოლიტ. ეკონ. კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 2007–12 – სტუ-ის პროფესორი, ხოლო 2012–19 – თსუ-ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის მეცნიერ-კონსულტანტი, საგამომც. ფირმა „სიახლის“დამფუძნებელი (1993-იდან), საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1996-იდან).

ა. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების, რ-ებიც ძირითადად ეძღვნება ეკონ. თეორიის, საზ. სექტორის ეკონომიკის, მომსახურების სფეროს ეკონომიკის, პრივატიზაციის, საბაზრო ინფრასტრუქტურის, სიღარიბის სოც. ასპექტების, გლობალიზაციის საკითხებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის თანამედროვე ეკონ. ტერმინოლოგიისა და განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებაში. შექმნა სასკოლო სახელმძღვანელოები ეკონომიკის დარგში. მისი მთ. რედაქტორობითა და თანაავტორობით მომზადდა და გამოიცა ეკონ. თეორიის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის (1998) და პირველი სისტემური გამოკვლევა საქართველოში – „საქართველოს ეკონომიკა“ (2012). მიღებული აქვს საქართვ. ეკონომისტთა საზ-ბის სამეცნ. პრემია (1988), თსუ-ის საიუბილეო სამეცნ. პრემია (1994), პ. გუგუშვილის სახ. სამეცნ. პრემია და ლაურეატის დიპლომი (2013), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2014) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თხზ.: მომსახურება და საბაზრო სისტემა, თბ., 1993; პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არა აქვს, თბ., 2005; გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო, თბ., 2010; საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, თბ.,. 2017.

ლ. აბრამიშვილი