ასამი, კამბეჩოვანის მთავარი VI ს. II ნახევარში. სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ქართლის ერისმთავრის გუარამის ძმა. ა-ის გამთავრება კამბეჩოვანში ირანელთა წინააღმდეგ მიმართული აჯანყების შედეგად მოხდა. ა-მა და მისმა ძმამ ვარაზვარდმა „გარდაუქციეს ერი“ (აუჯანყეს) შაჰის ირან. მოხელეს ვეზან ხორნაბუჯის ერისთავს, მოკლეს იგი და თვით დადგნენ მთავრებად. ამ აჯანყებას კამბეჩოვანში ირანელთა ბატონობის დამხობა მოჰყვა.
წყარო: სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.
თ. პაპუაშვილი