ასატური (ნამდვ. გვარი ასტვაწატრიანი) გევორქ კონსტანტინეს ძე (1863, თბილისი, – 1937), სომეხი პოეტი, მთარგმნელი. XIX ს. 80 – 90-იან წლებში სწავლობდა თბილისში, შემდეგ პეტერბ. უნ-ტში შეისწავლა სპარს. ენა და ლიტ-რა. ლექსების წერა დაიწყო 90-იან წლებში. 1903 შეისწავლა და გამოაქვეყნა საიათნოვას ლექსები და ვარიანტები, 1922 კი გამოსცა საიათნოვას ცნობილი დავთრის აღწერა. ავტორია გამოკვლევისა აშუღ შამჩი მელქოს შემოქმედების შესახებ. თარგმნიდა სპარს. ლიტ-რის ნიმუშებს. ა. ათი წლის მანძილზე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ერევნის სახელმწ. უნ-ტში, დიდი ღვაწლი მიუძღვის იქ ქართველოლოგიის კაბინეტის შექმნაში. ა. ხელს უწყობდა სომხეთში ქართველოლოგიის განვითარებას. 1931 გამოსცა ქართ. ლიტ-რის ანთოლოგია, რ-შიც შევიდა მის მიერ თარგმნილი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ცალკეული თავები, დ. გურამიშვილის, ა .ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ი. ევდოშვილის, გ. ქუჩიშვილის, ი. გრიშაშვილის, ს. ეულის ნაწარმოებები. მან პირველმა თარგმნა სომხ. ენაზე ქართ. ხალხ. შემოქმედების ნიმუშები. თარგმნა და ჟურნ. „აღბიურში“ („წყარო“, 1890, №3, გვ. 134–137) გამოაქვეყნა ქართ. ხალხ. ლეგენდა „რუსთაველის სიყვარულის“ სათაურით. 1934–36 დაასრულა ვეფხისტყაოსნის თარგმნა, რ-იც გამოქვეყნდა 1937, მთარგმნელის სიკვდილის შემდეგ.
ა. ხარატიანი