დაიჯესტი (ინგლ. digest– მოკლე მონათხრობი, რეზიუმე < ლათ. digerere – დაყოფა), პუბლიკაცია, კონკრეტული ტექსტიდან ადაპტირებული ან ამოკრებილი მასალების შენარჩევი, რ-შიც მოკლედაა გადმოცემული ამ ტექსტის შინაარსი;
კრებული, რ-იც შეიცავს სხვა გამოცემებიდან გადმობეჭდილ (ხშირად შემოკლებული სახით) საინტერესო მასალას. ფორმატი მოხერხებულია ამა თუ იმ თემატიკის ირგვლივ გაერთიანებულ მთავარ სიახლეთა გასაცნობად. უფრო ფართო მნიშვნელობით დ. სხვადასხვა წყაროდან განსაზღვრული თემატიკის ამონარიდთა ნაკრებია.
მაგალითად, ჟურნალ „ტაბულას" ტექნოლოგიური დ.; „რადიო თავისუფლების" ორკვირეული დ., რ-შიც თავმოყრილია რადიოგადაცემებიდან და ვებსაიტიდან შერჩეული მასალები; საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დ. – „საქართველო უცხოურ მასმედიაში"; „სამედიცინო მედიის დაიჯესტი" და ა. შ. სიტყვა „დაიჯესტი" გვხდება მთელი რიგი გამოცემების დასათაურებაში, რ-ებიც სხვა წყაროებიდან მასალების (როგორც წესი, შემცირებული და სისტემატიზებული სახით) გადმობეჭდვაზე სპეციალიზდება. ამგვარ გამოცემათა რიგს მიეკუთვნება ამერიკული ყოველთვიური ლიტ.-პოლიტ. ჟურნალი „რიდერს დაიჯესტი" („Reader’s Digest“).
განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ამ ტიპის გამოცემები ქართულ ინტერნეტსივრცეში, მაგალითად: „პრეს დაიჯესტი" (ქართული ინტერნეტ და ბეჭდური მედია), სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის „უცხოური პრესის დაიჯესტი", „ინფოდაიჯესტი", „ავტო-დაიჯესტი" და ა. შ. ქართული და უცხოური პრესის დაიჯესტებს გვთავაზობენ ცალკეული საინფორმაციოანალიტიკური პორტალები (მაგ., opinion.ge. netgazeti.ge., „ფინანსური საქართველო"), აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და სხვადასხვა სამინისტროს საინფორმაციო ინტერნეტ-გამოშვებები.
თანამედროვე დაიჯესტების მსგავსი პერიოდული გამოცემები ჯერ კიდევ XVII–XVIII სს. ბოლოს გავრცელდა, თუმცა სიტყვა „დაიჯესტის" ნაცვლად გვხვდება ამ ყაიდის სახელდებები: Extract (ამონარიდები), Anmerkungen (შენიშვნები) და სხვ. ქართულ ენაში ტერმინი დ. XX ს. 80-იანი წლებიდან დამკვიდრდა და დღემდე ფართოდ გამოიყენება. სხვა ენებში მისი მნიშვნელობა უტოლდება „პრესის მიმოხილვის" ცნებას (ინგლ. „World Press Review";"; პოლონ. „Przeglad Prasy" და სხვა).
მ. შამილიშვილი