ასკანის ბენტონიტური თიხის საბადოები

ასკანის ბენტონიტური თიხის საბადოები, მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვისწყლის ხეობაში, სოფ. ასკანის მიდამოებში. მოიცავს მთისპირის, უჩხუბის, ვანისქედის, ციხისუბნის, თაფურიანისა და ოთოკვირის საბადოებს, აქედან მთისპირის და უჩხუმის უბნები თითქმის მთლიანადაა დამუშავებული. ყველაზე კარგადაა შესწავლილი ციხისუბნის ბენტონიტები. ტუტე და ტუტემიწა ბუნების ბენტონიტური თიხების ლინზისებრი სხეულები განლაგებულია შუაეოცენურ ვულკანოგენურ ქანებს – ტუფბრექჩიებსა და ტრაქიტებს შორის. ასკანის ბენტონიტები ექსჰალაციურ-სოლფატარულ პროცესთა ზეგავლენით ტრაქიტული პემზური ტუფების შეცვლის პროდუქტია. აღმოაჩინა და შეისწავლა ა. თვალჭრელიძემ. ბენტონიტურ თიხებს იყენებენ ნავთობ და აირმოპოვებით, მანქანათსაშ., ცხიმეულის, ღვინის, ქიმ. მრეწველობაში.

ლიტ.: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, მთავარი რედაქტორი ირ. ჟორდანია, ტ. 1–2, თბ., 2015.

გ. მაჩაბელი