ასკანის ციხე, ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მდ. ბახვისწყლის მარცხ. ნაპირზე (სოფ. ასკანა, ოზურგეთის მუნიციპ.). გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რ-თაგან უძველესი ადრინდ. ფეოდ. ხანისაა, უახლესი – XIX ს-ისა. 1774 ა. ც. ლიხაურსა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მთავარმა მამია IV გურიელმა და იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ა. ც. უკან დაიბრუნეს. 1805 მთავარმა ქაიხოსრო გურიელმა იგი განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ გადააქცია. 1828 რუს. ჯარმა დაიკავა. 1833 ცნობით, ა. ც. ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი, საგრძნობლად დაზიანებულია სამლოცველო და გალავნის კედლებიც.
ი. სიხარულიძე