ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობა, ქრისტიანული სასულიერო მწერლობის დარგი; ფართოდ გავრცელდა საქართველოში VI ს-იდან, სამონასტრო ცხოვრების დასაბამიდან. ა.-მ. მ. შეიცავდა ქრისტ. ზნეთსწავლულობის სახელმძღვანელოებს, აპოფთეგმურ კრებულებს და ა. შ.; გამოხატავდა ბერ-მონაზონთა იდეალებს. ადრეულ ხანაში ეს დარგი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ნათარგმნი ძეგლებით: X ს-თვის ქართულად ითარგმნა ბიზანტიურ ლიტ-რაში ცნობილი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თხზულება (ანტონი დიდის, ამბა ამონას, მარკოზ მონაზვნის, არსენ ჰრომაელის, სიმეონ მესვეტის, იოანე მოსხის, იოანე სინელის, მაკარი მეგვიპტელის, ეფრემ ასურისა და სხვათა). ქართ. ხელნაწერებს შემოუნახავთ ისეთ ავტორთა სახელებიც, რ-ებიც არ არიან ცნობილი (ან გამოვლენილი) ბიზანტ. მწერლობაში: სტეფანე მძოვარი, პიმენი, საჰაკ მონაზონი, აბრაჰამ მონაზონი და სხვ. ასკეტიკურ-მისტ. თხზულებები ადრევე გაერთიანდა კრებულებად, რ-ებშიც, რედაქტორ-გადამწერთა მიზანდასახულობის შესაბამისად, თავმოყრილი იყო სხვადასხვა ავტორის ბრძნული თქმები, აფორიზმები, ზნეობრივი ხასიათის სენტენციები და სხვ. ასეთ კრებულებს ეწოდებოდა „პატერიკები“, „მამათა სწავლანი“. ქართ. კრებულების შედგენილობაც არ იყო მკაცრად განსაზღვრული; ძირითადად ორ ჯგუფს გამოყოფენ: ანბანურსა და სისტემატურს. ქართ. ა.-მ. მ-ის განვითარებას დიდი ამაგი დასდეს ექვთიმე მთაწმიდელმა, გიორგი მთაწმიდელმა, ეფრემ მცირემ, თეოფილე ხუცესმონაზონმა, სტეფანე ათონელმა და სხვ. ადრეულ მთარგმნელებზე ცნობები თითქმის არ შემონახულა. XVIII ს-ში ქართ. სინამდვილეში კვლავ გაცხოველდა ინტერესი ასკეტიკურ-მისტ. მიმართულების ძეგლებისადმი: კათალიკოსმა ანტონ I-მა იამბიკოდ გალექსა იოანე სინელის „კლემაქსი“, გაბრიელ მცირემ შეადგინა ასკეტიკურ-ჰომილეტიკური ხასიათის რამდენიმე კრებული და ა. შ.
ლიტ.: აბულაძე ილ., ქართულის კვალი ძველი სომხური მწერლობის ერთს ძეგლში (სომხური პატერიკის წყაროს საკითხისათვის), «ლიტერატურული ძიებანი», 1944, [ტ.] 2; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; შუასაუკუნეთა ნოველების ძველი ქართული თარგმანები. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მ. დვალმა, [წგ.] 1–2, თბ., 1966–74.
მ. ქავთარია