ასკურავა ივანე ალექსანდრეს ძე

ასკურავა ივანე ალექსანდრეს ძე [27. XII. 1917 (9. I. 1918), სოფ. ქვიანი, ოზურგეთის მაზრა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპ., – 2002, თბილისი], სცენოგრაფი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1950). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1939). 1940-იდან ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარია. გააფორმა სპექტაკლები: ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1945), ჯ. ვერდის „ოტელო“ (1949), ზ. ფალიაშვილის „ლატავრა“ (1950), „დაისი“ (1947, 1957), „აბესალომ და ეთერი“ (1964), ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (1950), ა. რუბინშტეინის „დემონი“ (1950), პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“ (1951), მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“ (1954), ა. ბოროდინის „თავადი იგორი“ (1956), დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“ (1957), ს. ცინცაძის „განდეგილი“ (1972); ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში (1957, დრამ. თეატრების საკავშ. კონკურსის ლაურეატი). გარდა ამისა, მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები ბათუმის, ერევნის სამარის, ბუდაპეშტისა და სხვა ქალაქების თეატრებში. დამდგმელი მხატვარია ფილმისა „მეთორმეტე ღამე, ანუ რაც გენებოთ“ (რეჟ. ზ. კაკაბაძე, 1986). ა-ს ნამუშევრებში ჭარბობს რეალურ სინამდვილესთან მიახლოებული დეკორ. დანადგარები, ფერწერული პანოები, ყოფითი დეტალები, გამიზნული სპექტაკლის შესატყვისი არქიტ. და ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად.

ქ. კინწურაშვილი