ასლანიშვილი შალვა სოლომონის ძე [10 (22). III. 1896, დაბა არტანუჯი, ართვინის ოკრუგი, ახლანდ. თურქ. ტერ., – 13. XII. 1981, თბილისი], მუსიკათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1964), პროფესორი (1966), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1943).
1927 დაამთავრა თბილ. კონსერვ. თეორიულ-საკომპოზიციო ფაკ-ტი (მ. იპოლიტოვ-ივანოვისა და ს. ბარხუდარიანის ხელმძღვანელობით). 1927–30 იყო ლენინგრ. კონსერვ. თავისუფალი მსმენელი (სწავლობდა ი. ტიულინთან, ხ. კუშნარიოვთან, ვ. შჩერბაჩოვთან).
1930-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში (1966-იდან – პროფესორი). 1945–50 სათავეში ედგა საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. ინ-ტის მუს. ფოლკლორის განყ-ბას. 1937–73 მუსიკის თეორიის კათედრის გამგე იყო, 1945–50 სათავეში ედგა საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. ინ-ტის მუს. ფოლკლორის განყ-ბას. 1927–50 მოაწყო ექსპედიციები აღმ. და დას. საქართვ. მთის რ-ნებში ხალხ. სიმღერების ჩაწერის მიზნით. ამ მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნაშრომები საფუძვლად დაედო ქართ. ჰარმონიის კურსს, რ-იც იკითხება თბილ. კონსერვატორიაში მუსიკათმცოდნეობისა და საკომპოზიციო განყ-ბებზე.
ა. მუშაობდა როგორც ქართული ხალხ. და პროფ. მუსიკის, ისე მუს. ხელოვნების სხვა საკითხებზე. აღზარდა მრავალი მუსიკათმცოდნე და პედაგოგი, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე ქართ. მუსიკათმცოდნეობის განვითარებაზე.
ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973).
თხზ.: ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, [ნაწ.] 1–2, თბ., 1954–56; ქართულ-კახური ხალხური საგუნდო სიმღერების ჰარმონია, მე-2 გამოც., თბ., 1970 (რუს. ენაზე, М., 1978); ი. ს. ბახის ორ- და სამხმიანი ინვენციები, თბ., 1987; Чайковский в Грузии, Тб., 1940; Принципы Формообразования фуг И. С. Баха, Тб., 1975.
ქ. თუმანიშვილი